14 мая 2012 г.

ვახუშტი კოტეტიშვილის თარგმანები


001
ქვეყნად რაიმე, ქარის გარდა, არ არსებულა
რადგან ყოველი დაქცეულა, არ ავსებულა,
არ არსებული არსებულად ჩათვალე, ძმაო,
არსებული კი მიიჩნიე არ არსებულად
002
ღვინის მდინარე, ფერიები და ლხინის ტახტი,
მითხრეს, გელისო სამოთხეში, თუ ღირსი გახდი.
ამივსე თასი წმინდა ღვინით და მომაწოდე,
ათას ნისიას მირჩევნია ეს ერთი ნაღდი.
003
შეეშვი ლოცვას, დაეხსენი რწმენის მარწუხებს
იყავ კეთილი და შენს მოძმეს ნუ შეაწუხებ.
მომეცი ღვინო და იმ ქვეყნად როცა წარვდგებით,
იქ, სამსჯავროზე, შენს მაგივრად მე ვუპასუხებ.
004
რომელმან შეჰქმნა ეს სამყარო და ცის თაღები,
თავის ქმნილებებს არსებობას უსპობს განგებით.
თუ ცუდად შეჰქმნა, ვის მიუძღვის ამაში ბრალი?
და თუ კარგია, რაღად ამსხვრევს მათ ხელაღებით?
005
სულს გაეყრები, ვერ გაიგებ ვინა ხარ, რა ხარ,
ღვთის საიდუმლო ფარდის იქით ვერაფერს ნახავ,
დალიე ღვინო, ვინ რა იცის, საიდან მოხველ,
ლაღად იცხოვრე, ვინ რა იცის, საითკენ წახვალ.
006
ვარდობისთვე, რუისპირს ატეხილი ჭალაკი,
ორიოდე სატრფო და ჩუმი, მყუდრო ალაგი,
ღვინო მომეც, მოყვასო, ნასმურევზე გამოსულთ
არც მეჩეთი ახსოვთ და არც სამოთხის არაკი.
007
ამბობენ, რომ ჯოჯოხეთში იქნებაო კრული
ყველა ლოთი და მიჯნური, ვინც შელახა რჯული,
ეს რომ მართლა ასე იყოს, მაშ სამოთხე ხვალვე
ისე დაცარიელდება, როგორც ხელისგული.
008
ნუ ნანობ ცოდვებს, არას გარგებს უიმედობა,
ტყუილუბრალოდ ვრემლების ღვრას ნურვინ ენდობა,
ვინც არრა სცოდა, რაღად უნდა შენდობა იმას,
იცოდე, მხოლოდ ცოდვილთათვის არის შენდობა.
009
იმხიარულე და ცხოვრება გაილამაზე,
დრო რომ იცვლება, ნუ ინაღვლი, ძმაო, ამაზე,
ქვეყნად ყოველი მარადისი რომ ყოფილიყო,
არ გაჩნდებოდი არასოდეს ამ ქვეყანაზე.
010
ზოგი ლოცვაში დღე და ღამე იყო ტყვედქმნილი,
ზოგმა ლოთობა არიჩია და ღვინო ტკბილი,
ახლა იმათგან ქვეყანაზე არ დარჩა არვინ
ყველას უჩუმრად მოერია მარადი ძილი...
011
შენ მოწყალე ხარ, მოწყალება არის სიკეთე,
სამოთხის კარი ცოდვილთ რაღად გამოგვიკეტე,
მორჩილს თუ მინდობ, ვერაფერი მოწყალებაა,
ცოდვილს შემინდო, ამაშია, ღმერთო, სიკეთე.
012
შენი დროც წავა, ვერ გიშველის ვეღარც ალაჰი,
სული მოსწყდება სხეულს, როგორც სუსტი ბალახი,
და ამ ჩვენს თავებს ცოტა ხანში წიხლებს ჩასცემენ,
სადოქე თიხად რომ აზილონ ჩვენი ტალახი.
013
აუსრულებლად თუ დაგვრჩება ყველა სურვილი,
არღა რას გვარგებს ჩვენი ცდა და ცოდნის წყურვილი,
გვიან მოვდივართ ამ ქვეყნად და მივდივართ უმალ,
ავბედითობით აღსავსეა გზა მიწურვილი...
014
იცოდე, ქალთან ლოთობა და ალერსი თუნდაც,
სჯობს, ვიდრე ბერის თვალთმაქცობა დაიდო ხუნდად,
თუ ღვინის მსმელებს ჯოჯოხეთში მოუწევთ ყოფნა,
მაშინ ცარიელ სამოთხეში ვის რაღა უნდა.
015
რადგან ჩვენს დროში არვინ ფასობს ჭკუა–გონებით,
მხოლოდ უგნურნი ნებივრობენ ქვეყნის ქონებით,
მომეცით ღვინო, ისეთი, რომ ჭკუა წამართვას,
ბედი მომხედავს და უთუოდ მოვეწონები.
016
ბაგით დავწვდი დოქის ბაგეს, ბაგე გადავიბადაგე,
დღეგრძელობას ვეძიებდი, ჟამთა სრბოლით დავიდაგე,
დოქმა მითხრა საიდუმლოდ: მომაგებე ბაგეს ბაგე,
ქვეყნად განა კიდევ მოხვალ, დალიეო, რა ქადაგებ.
017
ვიდრე ინაღვლო, მართალ გზაზე შედექ თუ არა,
შენი ცხოვრება გამოიღებს შედეგს თუ არა,
ღვინით აღსავსე ეგ ფიალა, რადგან არც იცი,
ამოისუნთქავ ამ ჩასუნთქვის მერე თუ არა.
018
სანამ სული აღმოგვხვდება ბედის ძალდაძალობით,
მანამ ღვინის ფიალები გამოვცალოთ ცალობით,
ჩქარა, თორემ ჩვენი წასვლის დრო–ჟამი რომ დადგება,
მგონი წყალიც ვერ დავლიოთ მუხთალ ბედის წყალობით.
019
ნეტარ არს იგი, ვინც მოვიდა წალკოტის კართან,
და მწვანე სუფრას დააბერტყვა სიუხვის კალთა,
ვინც ღვინო სვა და ბედის ტრიალს არ შეუშინდა,
ვინც მხიარულად გაატარა დრო ლამაზ ქალთან...
020
აზრთა მარგალიტს ვინც კი ხვრეტდა ბასრი გონებით,
ღვთის არსებაზე ვინც დახარჯა სიტყვის კონები,
იდუმალ ქსელში გზა აებნა, მოჰქანცა ენა
და ძილს მიეცა, დაღლილი და შენაღონები.
021
ჰე, მეჭურჭლენო, რომ გართულხართ ამ მიწის ზელით,
დაგჩლუნგებიათ აზროვნების მახვილი მჭრელი,
ეგ მიწა, ასე გამწარებით რომ წიხლავთ ახლა,
ოდესღაც იყო მშვენიერი ქალწულის წელი.
022
ერთ დროს ეს ჩემი ხელადა ალბათ ჩემსავით ღელავდა,
მზეთუნახავის ნაწნავი ბორკავდა, ქცეულს ხელადა,
ხელი რომ უდევს დოინჯად, ასე არ ჰქონდა ძველადა,
მიჯნურის ყელზე ეხვია, ლაღად და უდარდელადა.
023
როს გაზაფხული იას ახალ კაბებს მიაყრის
და განთიადზე ვარდებს დაჰბერს სიო სიახლის,
ბრძენია იგი, ვინც ილაღებს თეთრგულა ქალთან,
ღვინოს დალევს და ფიალას კი ქვაზე მიახლის.
024
ამ ქვეყნად გმართებს, არ გადასცდე სიფრთხილის კიდეს,
მოსავალს შენსას ქვეყნად უნდა უჩუმრად მკიდე,
სანამ გაქვს ენა, ყურები და თვალებიც გიჭრის,
უნდა დამუნჯდე, დაყრუვდე და დაბრმავდე კიდეც.
025
ამ ქვეყანაზე გამკითხველი თვალი სად არის,
ჩვენი მოსვლის და ჩვენი წასვლის კვალი სად არის,
საწუთროს ცეცხლზე რაოდენი უბიწო თვალი
იწვის, ნაცრდება, ჰქრება, მაგრამ კვამლი სად არის.
026
განთიადია, ნებიერო, წამოდექ ზეზე,
ღვინო სვი ნაზად და საამოდ ჩანგი აკვნესე,
ის ვინც აქ არის, არ მოუწევს დიდი ხნით ყოფნა,
და ვინც წავიდა, ვეღარ ნახოს საწუთრო ესე.
027
აფსუს, განმიქრა განძი იგი, ხელთ მქონდა რაიც,
სიკვდილმა მოსრა მრავალთ ყოფნის ვუიც და ვაიც,
კაცი ვერ ვნახე იმ ქვეყნიდან დაბრუნებული,
მოგზაურობის ამბავი რომ მოეთხრო მაინც.
028
ამაღამ ჯამი მსურს ავწიო უზარმაზარი,
ღვინით მდიდარმა ბედისწერას დავცე თავზარი,
მსურს სამუდამოდ გავეყარო რჯულსა და რწმენას,
ვაზის ასული გვერდით მყავდეს, ვით პატარძალი.
029
მოდი, ლამაზო, დაივიწყე მცნება ალაჰის,
შენი სიტურფით ამ ჩვენ დარდთა ბჭე გადალახე,
მოდი, მოგვართვი ღვინის ერთი ხელადა ხელად,
ვიდრე ხელადა შეუქმნიათ ჩვენივ ტალახად.
030
ბაგე, ბადახშნის ლალის მარცვლად სხმული, სად არის,
ღვინო, საამო და სავანე სულის, სად არის,
ისლამის რჯულმა თუმც ეს ღვინო მკაცრად აკრძალა,
სვი და ნუ დარდობ, თვით ისლამის რჯული სად არის.
031
ვისაც ეწადა ვარდის კონა, თუნდაც პაწია,
მან ჯერ ეკლები იგემა და ჯაფა გასწია,
ეს სავარცხელიც სანამ ასე არ დაისერა,
მანამ საწადელ ზილფებამდე ვერ მიაღწია.
032
ნუ უფრთხი ამა საწუთროის სრბოლას ჯინიანს,
თვით ხვედრი შენი წარმავალი დროის ჟინია,
ეს ერთი წამი, სიცოცხლისა ლაღად იცხოვრე,
ნუ ნაღვლობ წარსულს და მომავლის ნუ გეშინია.
033
არ ძალმიძს, მზე რომ დავაბნელო ვარდთა ჯარებით,
არსების ჩვენის იდუმალი შევხსნა კარები,
ფიქრების ზღვაში მარგალიტებს პოულობს გონი,
მაგრამ შიშისგან უძლურქმნილი ვერ ვეკარები.
034
თვალო, სამარე დაინახე, თუ ხარ მისანი,
ცდუნება არის შფოთით სავსე ქვეყნის მიზანი,
უჩინარ იქმნენ ამ მიწის ქვეშ მეფე–ვეზირნი,
ჭიაღუათა პირში მათი სახე იცანი.
035
მიმინო ვიყავ, მსურდა ფრენა სამყაროს გარეთ,
ცის კამარაზე ვოცნებობდი, დევნილი ქარით,
ვეღარსად ვპოვე კაცი – გულის მესაიდუმლე,
და გაველ გარეთ, რომ შემოველ, იმავე კარით.
036
გუშინ ბაზარში ჩავიარე და მეცა ელდა,
მექოთნე ვინმე მიწას ფეხით უხეშად ზელდა,
გმინავდა მიწა: მეც შენსავით კაცი ვიყავი,
ფრთხილად, შენც მიწად გადაგაქცევს სიმრავლე წელთა.
037
მითხრეს, როდესაც გაიხსნება სამოთხის ბჭენი,
დაგხვდება ღვინო, ფერიები, ლაღი და მშვენი,
ბოლოს თუ მაინც იმავ საქმეს უნდა ვეწიოთ,
ვეღარ გავიგე, რაღა არის ცოდვები ჩვენი.
038
წასვლა–მოსვლისთვის განკუთვნილა ქვეყნის გზასრული,
მას არც საწყისი გააჩნია, არც დასასრული,
და არც ვის ძალუძს ქვეყანაზე, რომ მითხრას მაინც,
საიდან მოველ, ან საით მაქვს გზა განსაზღრული.
039
მთვრალმა ბულბულმა გზა გაიგნო ბაღისკენ ღამით,
ჰპოვა ვარდი და ლალის ღვინით მღიმარი ჯამი,
ჩემად მოიქცა და მითხრა, რომ წარსულ დღეთაგან
კვლავ უკან აღარ დაბრუნდება არც ერთი წამი.
040
მარადისობას ვერ შევიცნობთ მძიმე წიგნებით,
ვერ გავიხარებთ ამოუხსნელ გზათა მიგნებით,
ჩვენ მარტოოდენ ფარდის მიღმა ვმსჯელობთ და ვდავობთ
და ოდეს ფარდა აიხსნება, აღარ ვიქნებით.
041
რა საოცრად მიქარავნობს ჩვენი ყოფნის ჟამი,
და რაოდენ საამოა ლხინის ერთი წამი,
მერიქიფევ, ნუ გაღონებს ხვალინდელი წარღვნა,
ღამე გადის, აბა, ჩქარა, მომაწოდე ჯამი.
042
მათ, ვინც კი იყო განსწავლული, ბრძენი და ზრდილი,
ცოდნის ძებნაში შეიძინეს სანთელი ცვილის,
მაგრამ წყვდიადში ამ სანთლებით გზა ვერ გაიგნეს,
ზღაპარი თქვეს და მოერიათ უეცრად ძილი.
043
ტუსის ციხეზე შემჯდარიყო ფრინველი ერთი,
ქეიქაუსის თავის ქალა დაედო ფერხთით,
ეუბნებოდა სინანულით: - აფსუს, რა იქნა,
შენი ბუკის და ნაღარის ხმა, სად არის ღმერთი.
044
ფუჭად ირჯება ის, ვინც იღწვის ჭკუა-გონებით,
ძროხის მაგივრად ხარსა სწველის თავმომწონებით,
სჯობს. რომ უგნურად შეიმოსოს, რადგან ჩვენს დროში
ქვეყნად სიბრძნეზე მეტად ფასობს პრასის კონები.
045
მას შემდეგ, რაც კი მზე და მთვარე ცაზე კიდია,
მადლი ღვინისა ამა ქვეყნად დიდზე დიდია,
ისინი, ღვინოს გასაყიდად რომ იმეტებენ,
ვერ გამიგია, ღვინოზე კარგს რას იყიდიან.
046
ჰე, მერიქიფევ, ეს ვარდები და ეს ბალახი
ის აღარ არის, ორი დღის წინ რომ გაქვს ნანახი,
სვი და ვარდები კრიფე, თორემ თვალს რომ მოავლებ,
აღარც ვარდები დაგხვდება და აღარც ბალახი.
047.
ჭირში გამოვლილ მაშვრალს შვებას არგუნებს ბედი,
იმარგალიტებს ნიჟარაში ტყვედმყოფი წვეთი,
კვლავ დაბრუნდება დახარჯული ავლა–დიდება
და დაცლილ სასმისს კვლავ აღავსებს სასმელი მეტი.
048.
ამაქვეყნიურ ჩვენებათა არსება ბნელი,
რომ განგიმარტო, გამომივა ზღაპარი გრძელი,
ეს ჩვენებანი ზღვის სიღრმიდან ამოტივტივდნენ
და ცოტა ხანში კვლავ ზღვის ფსკერზე ჩაძირვა ელით.
049.
მზე, მუდმივ რომ ცაზე ბრწყინავს, სიყვარული ის არის,
ნაკურთხ ველზე ჩიტი ფრინავს, სიყვარული ის არის,
ბულბულების მოთქმა–გმინვა განა სიყვარულია,
რომ კვდები და არა გმინავ, სიყვარული ის არის.
050.
მითხარ, რას გარგებს ეგ მუხლმოყრა სალოცავ ნოხთან,
ბედმა მრავალი მოინელა, ჩვენსავით კოხტა,
ჩქარა დამიდგი ხელისგულზე ეგ სავსე ჯამი,
რა დროს დარდია, მოსახდენი უჩვენოდ მოხდა...
051.
ღვინო ანელებს ქედმაღლობას, ამაყთა ზედა,
მას ძალუძს ახსნა და დამსხვრევა ბორკილთა მძლეთა,
ეშმაკს ამ ღვინის ერთი წვეთიც რომ დაელია,
მორჩილი მონა იქნებოდა ადამის ძეთა.
052
ქვეყნის ფუჭი დარდებით არ იგვემო სხეული,
ნუ იქნები წარსულზე სევდით გულამღვრეული,
და ცხოვრება ისე, ვით სატრფოს ზილფის ხვეული,
ქარს არ მისცე, ლაღობდე, დოქზე ხელმოხვეული.
053
როცა ყვავილზე გაზაფხულის ნამი ბრწყინდება,
აივსე ჯამი, სანამ თვალი არ იბინდება,
რადგან ბალახი, მისი მზერით ახლა რომ ტკბები,
შენს სამარეზე ხვალ ასევე აბიბინდება.
054
როცა ფესვები, სიცოცხლისა, დამიდუნდება,
და ზედ სიკვდილი დამედება მძიმე ხუნდებად,
ღვინის ჭურჭელი გააკეთეთ ჩემი მიწისგან,
აავსეთ ღვინით და სიცოცხლე დამიბრუნდება...
055
ნაზარხოშევმა ჩავიარე სარდაფის გვერდით,
მთვრალ მოხუცს მხარზე შემოეგდო ხელადა ერთი,
ვკითხე, რომ ლოთობ, არ გრცხვენია ნუთუ ღვთაების,
მითხრა, დალიე, შეგვინდობსო მაღალი ღმერთი...
056
ნუ გინდა სამოც წელზე მეტი სიცოცხლის ჟამი,
ფხიზელი ბიჯსაც ნუ გადადგამ ნურც ერთი წამით,
და სანამ შენი თავის ქალა დოქად ქცეულა,
არ მოიშორო მხრიდან დოქი, ხელიდან ჯამი.
057
არარაიდან წმინდა ვიშვით, ბილწად ვიქეცით,
ლაღნი მოვედით, ვინ დავმწუხრდით, ვინ წავიქეცით,
აღგვევსო გულნი ცეცხლითა და თვალნი ცრემლითა,
ქარს გავატანეთ ცხოვრება და მიწად ვიქეცით.
058
შეღავათია ორიოდ დღის სიცოცხლის არსი,
ისიც რად გინდა, თუ ითმინე და ღვინო არ სვი,
იცოდე, ბოლოს ეს ქვეყანა უნდა დაიქცეს,
შენც წაიქეცი, წმინდა ღვინით აღსავსე თასით..
059
ღვინოს ვსვამ, მაგრამ არასოდეს არა ვარ მთვრალი,
ძალადობისკენ არ გამირბის სიხარბით თვალი,
ღვინოს ვცემ თაყვანს მარტოოდენ, რათა შენსაებრ
საკუთარ თავის თაყვანცემის არ მაჩნდეს კვალი.
060
წელთა ცვალებადობა თავის დროთა ამალით,
ისე ჩაიფურცლება,რგოორც წიგნი ფრთამალი,
ნუ იდარდებ, ღვინო სვი, ბრძენნი ასე ბრძანებენ:
ქვეყნის დარდი შხამია, ღვინო მისი წამალი.
061.
წარსულ დღეზე ნუ მოჰყვები მოთქმასა და ზარს,
ხვალინდელ დღეს ნუ მოუხმობ, დარდს ნუ იხვევ გარს,
არ დაენდო წარსულსა და ჯერ მოუსვლელ დღეს,
ლაღად იყავ და ცხოვრებას ნუ გაატან ქარს.
062.
ცხოვრების წიგნში ვმკითხაობდი ჩემთვის ამ დილით,
რომელიღაც ბრძენს უთქვამს თურმე გულის წადილით,
ნეტარ არს იგი, ვისაც სატრფო ეხვევა ღამით
და როცა ღამე გრძელიაო წელიწადივით.
063.
ხაიამ, სვი და მუდამ ლალის ღვინით იხარე,
მშვენიერ ქალთან ლაღობით და ლხინით იხარე,
თუ ეს ქვეყანა არის მხოლოდ არარაობა,
მაინც რაობად ჩათვალე და იმით იხარე.
064.
რამეთუ ქვეყნად ჟამთა სრბოლა თავის გზით მიდის,
რადღა ინაღვლი ცათა რიცხვი რვაა თუ შვიდი,
გინდ მგელმა დაგრღნას, გინდ სამარის პატარა ჭიამ,
ერთია, რადგან აღსასრული მოგელის მშვიდი.
065.
იმათი ხვედრი, ვინც მკვდარია, ჰე,მერიქიფევ,
შავი სამარის სიზმარია, ჰე,მერიქიფევ,
მოიტა ღვინო, მე მისმინე, სხვათა ნათქვამი
მხოლოდ ღრუბელი და ქარია, ჰე მერიქიფევ.
066.
ხვალიდან მინდა განვიშორო სიყალბის სული,
და თმაჭაღარამ ღვინით ვიგრძნო სიამე სრული,
სამოცდაათ წელს მივაღწიე და მსურს ვილხინო,
თუ ახლა არა, მაშ როდისრა ვიჯერო გული.
067.
ქვეყანა ნახე და რაც ნახე - არაფერია,
რაც თქვი, რაც გულში ჩაიმარხე - არაფერია,
გინდ დამწყვდეულმა, ივაგლახე - არაფერია.
თუ გინდ ქვეყანა გადალახე - არაფერია.
068
იმხიარულე, წამი არის ჩვენი მყოფადი ,
მიწამ გამოხრა ჯემშიდი და ქეიყობადი,
აუხდენელი ოცნებაა, ძილია მხოლოდ,
სიზმარია და სიცრუეა ჩვენი მყოფადი.
069
სადაც კი ვარდებს დაუფარავთ მიწა ტიტველი,
შეუწოვიათ ფადიშაჰთა სისხლი წითელი,
სადაც კი ია ამოსულა - ლამაზ ქალწულის,
ხალი ყოფილა იშვიათი და მიმზიდველი.
070
მდინარის პირას მობიბინე ბალახს რომ ხედავ,
რა ანგელოსის ხელქმნილია ამგვარად ნეტავ,
ასე უგულოდ ნუ გათელავ შენი ნაბიჯით,
იგი იზრდება მზეთუნახავ ასულთა ზედა.
071
მერიქიფევ, ჩემმა დარდმა აღიმაღლა ხმა,
დავთვერი და ალბათ მეტი მომივიდა სმა,
დავრდომილი გული ღვინით განმიახლე შენ,
აღარ ვდარდობ, თუ ჭაღარამ შემითეთრა თმა.
072
მერიქიფევ, შენი ფეხი ჩვენთვის ბედნიერია,
ღვინო მოგვეც და გვიმღერე, დღეს ხომ არ გიმღერია,
ბევრი ხოსრო და ჯემშიდი ახლა მიწის მტვერია,
ჩვენი მოსვლა ივნისია, წასვლა დეკემბერია.
073
მერიქიფევ, ეგ ღვინოა, ჩემი რწმენა სრული,
მომაწოდე სავსე ჯამით, როგორც ტკბილი სული,
შენი წესი თუ არ არის ლოთობა და ვნება,
ქალი ჩემი რწმენაა და ღვინო ჩემი რჯული.
074
მზემ განთიადის ქამანდად ბანზე შეტყორცნა სხივი,
დღის მანათობელ მეფემან ჯამს ჩააბნია მძივი,
სიყვარულს დღეთა წიაღში უსვრია მოწოდება,
სვითო და მოდი დავლიოთ ღვინო ძელგი და ცივი.
075
ამქვეყნად ზეცას ვერვინ სძლია, ვერ მიჰყო ხელი,
და ვერაკაცმა ვერ აღივსო სტომაქის ყელი,
ნუ გულზვიადობ იმის გამო, ჯერ რომ მთელი ხარ,
ნუ ჩქარობ, არც შენ გადარჩები ამქვეყნად მთელი.
076.
ბედო, შავბედო, რა ნაღველი შემომანთხიე,
ტანზე პერანგი, სიკეთისა, შემომახიე,
სასმელი წყალი გამიშრე და მიქციე ქვიშად,
სიომ დამბერა, შენ კი ცეცხლის ალში გამხვიე.
077.
განუდექ ყოველს, ღვინის გარდა, უმჯობესია,
მთვრალი ქალი და კარვის ფარდა უმჯობესია,
უგზო-უკვლობა, ურწმუნობა და ღვინის წვეთი -
ციდან მიწამდე რაც მიყვარდა, უმჯობესია.
078.
დოქი წყაროა, ღვინის ლალი დუღს და მეტია,
ღვინო სულია, ჯამის ტანში ვერ დაეტია,
ღვინით მღიმარი ბროლის თასი განა რა არის,
ნაწამებ გულის სისხლნარევი ცრემლის წვეთია.
079.
ვისკენ გავფრინდე, სად ვეძებო სხვა, შენი ცალი,
ახალ სიყვარულს რომ შევუდგე არ შემწევს ძალი,
გამუდმებული ცრემლთა დენა არ მაძლევს საშველს,
მიმოვიხედო და სხვა ვინმეს შევავლო თვალი.
080.
კარგია, გარეთ საამური ამინდი როა,
თვს დასრიალებს ბაღნარს თეთრი ღრუბლების გროვა,
ბულბული ყვითელ ვარდისაკენ გადაიხარა
და გადასძახა, მეგობარო, ღვინის სმის დროა…
081.
ჰე, მეგობარო, დამენახვე ერთი წამითა,
პირველი კაცის ცხოვრებაზე გეტყვი თავიდან,
წამების შვილი აიზილა დარდის თიხისგან,
ამქვეყნად დაჰყო მცირე ხანს და უხმოდ წავიდა.
082.
ჩემსა და ღვინის შუა ძმობის ძაფი გაება,
უღვინოდ ლხინი ჩემთვის არის ტანჯვა-ვაება,
მითხრეს, ღვინის სმა მორწმუნე კაცს არ შეჰფერისო,
მე მსმელი ვარ და ღვინო არის ჩემი ღვთაება.
083.
ჩვენა ვართ ლხინის საფუძველი და დარდის ბუდე,
სამართლის არსი, ჩაგვრის ჟინი, გონების ზღუდე,
მდაბალ-მაღალნი, სრულყოფილნი და უზნეონი,
ჯემშიდის ჯამი, ჟანგიანი სარკენი მრუდე.
084
ჩვენ მუდამ ღვინის მუშტრები ვართ, ახლის თუ ძველის,
ქერის ორ მარცვლად ძალგვიძს მივცეთ ქვეყანა მთელი,
შენ შემეკითხე, სად წახვალო სიკვდილის შემდეგ,
სადაც გსურს წადი, მე კი სავსე ფიალას ველი.
085.
ღვინო სვი, თორემ გარდიქცევი მიწად, ტიალად,
შემდეგ აგზელენ ან ხელადად, ანდა ფიალად,
ნუ დაენდობი იმქვეყნიურ ცხოვრების ზღაპარს,
არ მოტყუვდება გონიერი ასე იოლად.
086.
ჩამოთავდა ყრმობის წიგნი ისე, როგორც წყალი,
აფსუს, ნორჩი გაზაფხული, სიჭაბუკით მთვრალი,
ან ის მტრედი რაღა იქნა, ბალღობა რომ ერქვა,
ჰაუ, ისე გამიფრინდა, ვერც მოვკარი თვალი...
087.
თუ ყვავილით ანთებული ხელთ გეპყრას ჯამი
და მშვენიერთან თუ იხელთ სიამის ჟამი,
ხამს, ღვინოს სვამდე და იშვებდე, რამეთუ ზეცამ
კვლავ მიწად რომ გყოს, დასჭირდება ორიოდ წამი.
088.
ყვავილის ღაწვზე გაზაფხულის ნამი სჯობია,
ბაღნარში ქალთან სალაღობო ჟამი სჯობია,
გუშინდელ დღეზე ნუ მოჰყვები სევდას და ნაღველს,
მთელ გუშინდელ დღეს დღევანდელი წამი სჯობია.
089.
ვიდრე უეცრად აღსასრულის ჟამი გეახლა,
ვარდისფერ ღვინით, მოდი, ცნობად მოეგე ახლა,
მიხვდი, უბირო, ოქრო არ ხარ, რომ მიწად დაგფლან
და კვლავ, ოდესმე.ამოგთხარონ ისევ ხელახლა.
090.
გზა გამიმრუდდა და ცხოვრება ჩემი ბნელია,
სიმშვიდე გაქრა, კაეშანში ყოფნა ძნელია,
დიდება უფალს, რადგან ქვეყნად ნაღველი მაინც
სახვეწი არ მაქვს და ადვილად საშოვნელია.
091.
ერთი მოვიდა, სხვა წავიდა, ერი და ბერი,
არავინ იცის საიდუმლო, ბინდით ნაფერი,
ჩვენი ბედისა არრა ვიცით ამ მცირეს გარდა,
ღვინის სარწყავი ჯამები ვართ, სხვა არაფერი.
092
სანთელი, ღვინო, მთვარე მთვრალი, ჰე მერიქიფევ,
სასმისი ღვივის, როგორც ლალი, ჰე, მერიქიფევ,
ქარისგან იხსენ ჩვენთა გულთა მწველი ხანძარი,
ღვინით ჩააქრე მისი ალი, ჰე, მერიქიფევ.
093
რად გსურს ქონება, თუ საწუთრო წარმავალია,
ვინ არის იგი, ქვეყნად სული ვინც არ დალია?
სული, სხეულში შეხიზნული, მხოლოდ ვალია,
როგორ შეიტჩენ, თუ გადახდა გარდუვალია.
094.
ჩვენ ამა ქვეყნად, დროებით რომ გვერგუნა ბედად,
მწუხარება და უბედობა კვალდაკვალ გვდევდა,
აფსუს, რომ დარჩა აუხსნელი ეს გამოცანა,
მივალთ და მიგვაქვს ათასგვარი დარდი და სევდა.
095
ანკარა ღვინის მდგომი ასე ვიქნები მუდამ,
შეყვარებული ლერწმის ხმაზე ვიქნები მუდამ,
ჩემი მიწისგან თუკი ვინმე დოქს გააკეთებს,
დოქად ქცეული ღვინით სავსე ვიქნები მუდამ.
096
მე ამ ქვეყანას რამდენჯერაც მოვავლე თვალი,–
ყველგან ედემი და სამოთხის ანკარა წყალი,
ეს ველ– მინდორი, სამოთხეა, სხვა რაღა გინდა,
მოილხინე და მოალხინე ლამაზი ქალი...
097
მოეგე ცნობად და განსაჯე თვით მრძენთა დარად,
ქვეყნად რით მოხველ, რას წაიღებ, რომ შეგრჩეს მარად,
ღვინის სმაზე, რომ უარს ამბობ, სიკვდილის შიშით,
მაინც მოკვდები დალოცვილო, გინდ სვი, გინდ არა.
098
საიდუმლოს ვის გაუმხელს ეს მუხთალი ხანა,
ყელში მრავალ ჩვენისთანას გაუყარა დანა,
ხანგრძლივ ყოფას ვის არგუნებს, წავალთ თანდათანა.
ვინც წავიდა, ის ამქვეყნად დაბრუნდება განა?!
099
ქვეყნის სიამე მებინდება, ღვინო თუ არ ვსვი,
როცა დავთვრები, ნაკლულდება გონების თასი,
მაგრამ წუთია სიფხიზლეს და სიმთვრალეს შორის
მისი მონა ვერ, რადგან მას აქვს სიცოცხლის ფასი.
100.
სიზმარში უცებ შემომესმა ბრძენის ხმა ფრთხილი:
განა ძილისგან ვინ იგემა სიამე ტკბილი,
ამქვეყნად საქმეს, სიკვდილის მსგავსს, ნუ დაენდობი,
წამოდექ, რადგან მიწის ქვეშაც გელისო ძილი.
101.
ნეტარ არს იგი, ვინც ამქვეყნად ლაღად იცხოვრებს,
რაც აქვს, შეირგებს, კმაყოფილი საღად იცხოვრებს,
ვინც წუთისოფელს სალაღობო შემთხვევად ჩათვლის,
და ვინც პურ–ღვინით უნაღვლოდ და სადად იცხოვრებს.
102.
ადექ, ჭაბუკო, განთიადის მოვიდა ჟამი,
ლალისფერ ღვინით შენც აღავსე ეგ ბროლის ჯამი,
ერთი წამია საგანძური ამა ცხოვრების,
ბევრიც რომ სძებნო, ვერ იპოვო მეორე წამი.
103.
მხიარულების წამის მეტი რა დაგვრჩენია,
სხვა რამ ქონება, ჯამის მეტი რა დაგვრჩენია,
მხიარულების ხელით მისწვდი სასმისს ღვინისას,
სიყრმის მეგობრად ამის მეტი რა დაგვრჩენია.
104.
მე იმ ლამაზს მივტირი, დავალ როგორც ეული,
მას კი სხვისი დარდი აქვს გულზე შემოსეული,
ჩემი გულის განკურნვა როგორ უნდა მოვთხოვო,
როცა ჩემი მკურნალი თვითონ არის სნეული.
105.
რამეთუ ქვეყნად ჭეშმარიტის ვერ ვპოვე კვალი,
არ ღირს, საეჭვო იმედებს რომ მივაპყრო თვალი,
ჯამს არ გავუშვებ, რადგან ასეთ უგზოობაში
თუგინდ ფხიზელი ყოფილხარ და თუ გინდა მთვრალი.
106.
ეს ქვეყანა სხვაგვარია მისთვის, ვინც კი მთვრალია,
თავი დარდით ამევსო და ლხინი ჩემი ვალია,
ჯამი მომეც, სანამ გული მოთმინებამ დალია,
ჩქარა, თორემ ეს ცხოვრება, ხედავ, წარმავალია.
107.
ზღვაში შთაინთქა მოცახცახე წყლის ერთი წვეთი,
და შეინივთა მიწამ თავის ნამცეცი ერთი,
გამოჩნდა ბუზი და იმწამსვე გაუჩინარდა,
თვით შენი ყოფნა ამა ქვეყნად რა არის მეტი.
108
ფუჭი დარდები არას გარგებს, სჯობს თუ განდევნი,
ბედმა ჩვენებრი დათესა და მომკა რამდენი?!
ჩქარა დამიდგი ხელისგულზე ეგ სავსე კათხა,
რადგან რაც მოხდა, ალბათ იყო ის მოსახდენი
109
მერიქიფევ, უკვე დადგა განთიადის ჟამი,
გამოვცალოთ, სასმისებში რაც შემოგვრჩა ღამით,
ხელსაყრელი შემთხვევაა ეს ცხოვრება, მიხვდი,
ორიოდე დღით მოვსულვართ, მომაწოდე ჯამი.
110
ბედო, არ მომწონს შენი ჩარხის ბრუნვა ცბიერი,
გამააზატე, საბორკილე არ მაქვს იერი,
შენ თუ მარტოდენ უგნურსა და უვიცს უღიმი,
მოდი, არც მე ვარ დიდად ბრძენი და გონიერი .
111
თუ გაქვს პური, შენს სიმდიდრეს ვეღარ მოსთვლის ენა,
ცხვრის სამწვადე, ცივი დოქით ღვინო, აღმაფრენა,
სადმე, მყუდრო სამყოფელში, სატრფოც თუ გყავს გვერდით,
რომელ სულთანს ღირსებია ამისთანა ლხენა.
112
ვჭვრეტ მტვრის საფარქვეშ მიძინებულთ იდუმალებას,
ჩავცქერ მიწას და ვხედავ შიგნით რაც იმალება,
არარაობის უძირო ჯამს ჩაშტერებული,
გარდასულთა და მოუსვლელთა ვხედავ წვალებას.
113
მე ამქვეყნიურ ხუნდებს თავი ვერ დავაღწიე,
მომძულდა ყოფნა, ვგრძნობ, ჭაპანი ფუჭად გავწიე.
თუმც ამ საწუთროს შეგორდად ვარ დიდი ხანია,
მის ხელობაში ოსტატობას ვერ მივაღწიე.
114
მან, ვინც სიყვარულს ვერ გაუგო გემო და ფასი,
დე მკიცხოს, არც მსურს განვუმარტო ამ სიტყვის არსი.
ეშხის შარბათი წამალია მხოლოდ ვაჟკაცთა,
უღირსთ სარგებელს არ მოუტანს ეს ჩემი თასი.
115
მე და ღმერთს მსგავსი სურვილები არა გვქონია
და რაც ვისურვე, რომ აღსრულდეს არა მგონია,
თუ ჭეშმარიტი სიმართლეა, რაც მან ინება,
მაშ, მე ყოველი მის საგმობად მომიგონია.
116
მთვარემ ქვეყანას შუქის კალთა უხვად მოჰფინა,
ლაღობისათვის უკეთესი დრო არც ყოფილა,
ღვინო სვი, თანაც გახსოვდეს, რომ სამარის მიწამ
გულში ლამაზთა ჩახუტება არ იმყოფინა.
117
სარდაფში გვიხმეს, განთიადმა როცა იალა,
მოქეიფენი, ვინც სასმელმა გაგვატიალა,
ადექ, აავსე ეს ფიალა მჩქეფარე ღვინით
მანამდის, სანამ ჩვენ ვქცეულვართ სავსე ფიალად.
118
ძველი ძონძებით გადავხურეთ საღვინე ჩვენი,
სარდაფის მიწით განვიბანეთ ცოდვათა სენი,
იქნებ ამ ქვევრთა მიწის მტვერში მაინც ვიპოვოთ,
ამ სარდაფებში დაკარგული სიცოცხლის დღენი.
119
შენ კარგად იყავ, ეს ქვეყანა ასე იქნება,
ამ ვარსკვლავთაგან ყველა ისევ ცაზე იქნება,
შენი ნეშტისგან აზელილი აგურებით კი
სხვათა და სხვათა სასახლენი სავსე იქნება.
120
მომეცი ღვინო ლალის სადარი, ჰე, მერიქიფევ,
მასლაათის დრო ახლა სად არი, ჰე, მერიქიფევ,
დროს ჩვენი მიწა სანამ დოქად გარდუქცევია,
ღვინიღ ჩაიქროთ გულის ღადარი, ჰე, მერიქიფევ.
121
ვინც ლამაზთაა ბაგეებზე გადაშალა ღიმის ვარდი
და ვინც დაადარდიანა მიჯნური და დარდიმანდი,
ჩვენ თუ ლხენა არ გვარგუნა, ნუ ვინაღვლებთ, მოვილხინოთ,
რადგამ ათას ჩვენისთანას მან არგუნა წილად დარდი.
122
ღამე არ არის, ომარ, სევდით რომ არ აივსოს
და თვალი ცრემლის მარგალიტით რომ არ აივსოს.
ამ თავის ქალას ვერ აავსებს ვერასდროს სევდა,
ჯამი, პირუკუ დამხობილი, როგორ აივსოს.

Комментариев нет:

Отправить комментарий