14 мая 2012 г.

მაგალი თოდუას თარგმანები

 001
მეჩეთში რომ ვართ, კვლავ ლოთები განა არა ვართ,
განა ალაჰის იმედების ანაბარა ვართ?
აქ ერთ დღეს მოლას სალოცავი ნოხი მოვპარეთ,
ისევ მოვედით ახალ ნოხის მოსაპარავად.
002
შაბანის თვეში თუ დავთვერით, ღმერთს ეწყინება,
და ლოთებისთვის მან რეჯების თვეც არ ინება.
კარგი, ბატონო! რამაზანის თვეში დავთვრებით,
მარგამ მაშინაც არ დაგვიწყოთ ლანძღვა–გინება.
003
ვინ გადაურჩა უცოდველი დღეების დენას,
ვინც არ შესცოდა, როგორ შესძლო მან თავის რჩენა?
მე რომ ცუდს ვშვრები და შენც, ღმერთო, ცუდად რომ მიხდი,
შე დალოცვილო, ღმერთი ხარ, თუ კაცი ხარ შენა?!
004
აი, ეს მიწა, ცხოველები ზედ რომ მიდიან,–
ქალის ზილფია. ეს აგური, აქ რომ გიდვია,–
ქალწულის ლოყა და ბაგეა, კაცის თავია,
დიდი ვეზირის მკლავია და მეფის თითია!
005
ერთ ჩემს ნაცნობ მედოქესთან ვიყავ გუშინ დილას.
ჯერეთ მიწა მოთხარა და მერე ფეხით ზილა.
მას ფეხებქვეშ აუყვირდა მიწა: –"ჰეი, ძმაო,
მეც შენსავით კაცი ვიყავ ერთ დროს, ცოტა ფრთხილად!"
006
ეს დოქი ალბათ სიყვარულით დამწვარა ერთ დროს.
ეს თავი ალბათ მას საყვარლის გულ–მკერდზე ედო.
ეს ხელი ალბათ მას მიჯნურის წელზე ეხივია...
– ვაიმე, ასეთ ბედისწერას ვით უნდა ენდო!
007
მოთმენა ჩემი ღვინის ნდომით უკვე იძლია,
ასეთი ვიყავ, ხასიათი არ შემიცვლია.
ვეტრფი იმ წუთებს, როდესაც მწდე მომაწვდის ღვინოს,
მაძალებს, მაგრამ მე დალევა არ შემიძლია!
008
თუ შავთვალება ქალი ჩრდილში მომივა ჯამით,
მომაწვდის ღვინოს და ბედნიერს გამხდის მე ამით,–
რაა სამოთხე? ძაღლის შვილი მიწოდეთ მაშინ,
მე თუ სამოთხე გავიხსენო თუნდ ერთი წამით.
009
მირჩევნია, მე ნაღდად თუ დამითმობ კოდებს
და სამოთხის ნისია, შენ თუ გინდა, გქონდეს.
აბა ერთი მითხარი, მკვდრეთით აღმდგარს ვის ჰხედავ,
რომ სამოთხეს აქებდეს, ან ჯოჯოხეთს გმობდეს?!
010
გამიგონე, შენც მოკვდები, ძმაო, ან დღეს, ან ხვალ,
და ვერ შეძლებ ფარდის იქით დაფარულის ნახვას.
სანამდის ხარ, გაიხარე, თორემ განა იცი,
რომელი გზით მოსულხარ ან რომელი გზით წახვალ?
011
ღვინო ჩემი ძალაა, ღვინო ჩემი სულია.
ღვინოა, რომ ამ ქვეყნად თავს მავიწყებს სრულიად.
შევიყვარე ღვინო და მისი ყადრიც გავიგე:
ის ღირსებით მეფეთა გვირგვინს გარდასულია!
012
ღვინო მინდა!.. როცა ჩემს წინ ჯამით ღვინო არის,
მე მგონია ჩემი თავი დიდებულთა გვარის.
ჯერ მინდა, რომ გავეყარო ჩემს რჯულსა და რწმენას,
მერე ვაზის ასულთან მსურს დავიწერო ჯვარი.
013
ჰეი, ბერო! რა მუქარაც არ გვასმინო შენი,
ლოთობაში საღამდება მაინც ჩვენი დღენი,
შენ ღვთის შიშით და მის მონურ მორჩილებით ვცხოვრობ,
ჩვენ კი ვლოთობთ და ქალებთან დროს ვატარებთ ლხენით.
014
ჰეი, მუფთი! ნუ ეცდები ლოთებს შარი მოგვდვა!
თუმც დავთვერით, კიდევ შეგვრჩა შენზე მეტი ცოდნა,
ჩვენ ხომ ყურძნის სისხლით ვთვრებით, შენ კი ხალხის სისხლით.
მიპასუხე, ვის ჰქონის ჩვენში მეტი ცოდვა?!
015
ო, ვის უნდა, რაში უნდა, ყოფნა ამისთანა!
ერთი მოდის, მეორისთვის ილესება დანა.
ჩვენი ბედი რომ იცოდე, არშობილო ჯერე,
ქვეყანაზე დაბადებას ისურვებდი განა?!
016.
მთვრალმა ბულბულმა გვინახულა ბაღჩაში ჩვენა,
იხილა ჩვენი სიცილი და კბილების ჩენა.
მოვიდა ჩემთან, მიჩურჩულა ყურებში ჩუმად:
_ წარსულ სიცოცხლეს ვერ აღიდგენ, გაიგე შენა!
017.
არ ხამს გულებში მოწყენის ხემ გაიდგას ფესვი,
მოდი, ვიკითხოთ წიგნი, გულში სიამის მთესი.
ხომ იცი უკვე, ჩვენი გზები საით ყოფილა?
მაშ რას აყოვნებ, დრო ვატაროთ, ჰა ღვინო, შესვი!
018.
როგორც ჩქარი ნიაღვარი, როგორც ქარი ველთა
გაქცეულან დღენი ჩვენი, რაღა დაგვრჩა ხელთა.
სანამ ვცოცხლობ, არ ვინაღვლი ორთა დღეთა გამო:
დღეთა ჯერე მოუსვლელთა და წარსულთა დღეთა!
019.
თენდება და მამალიც ყივის, როგორც რიგია.
რა ატირებს? მწუხარე განა უფრო იგია!
ვაი, როგორ გარბიან ჩვენი ყოფნის დღეები,
მთელი ღამე წასულა, ჩვენ კი არ გაგვიგია!
020
ბედი ჭადრაკს თამაშობს, ჩვენ კი ვგავართ პაიკებს.
ტყუილს კი არ გეუბნები, მართალს ვამბობ, გაიგე!
მთელი ჩვენი ცხოვრება ერთი სათამაშოა,
დღე მოვა და აქედან გუდა-ნაბადს აიკრეფ!
021
თენდება. ხარაბათიდან მოძმე გეძახის ასე:
„_ აქეთ, ლოთებო, ვინცა ხართ ხელაღებული თავზე!
აავსეთ ღვინით ფიალა მანამდე, სანამ ვინმე
ხელში ფიალად დაგვიჭერს, პირამდე ღვინით სავსეს.
022
ჰეი, ლამაზო, ლამაზო, ნუღარ დამაგდე ხელადა,
მეჩვენე ვარდი და დარდი გულის მომეშვა ხელადა.
ერთი ხელადა ამივსე. დავსხდეთ და ერთად დავლიოთ,
მანამდის, სანამ მოვკვდებით და თვით გავხდებით ხელადა.
023
ეცადე არვის ესროლო ღვარძლის ლოდი და გუნდა,
გული საკუთარ ნაღველში ამოგეგუდოს თუნდა.
მუდამ ეცადე, სიხარბე რომ დაიოკო შენი.
უნდა ჯვარს ეცვა მაგრამ სხვას ვნება აშორო უნდა!
024
როცა მოვკვდები, ანდერძს ვწერ, ღვინით გამბანეთ მკვდარი,
შენდობაც ღვინით მითხარით, ესეც ანდერძი არი.
და თუ მეორედ მოსვლის დღეს ძებნას დამიწყებთ, ძმებო,
მეძებეთ, სადაც აბია ღვინის სარდაფის კარი.
025
რადგან ხვალის იმედები ძლიერ ცოტა გვრჩება,
ნუ ვიდარდებთ,არ ეგების სახით დარდის ჩენა.
ჯობს ღვინო ვსვათ მთვარის შუქზე,მთვარეე,რადგან მთვარე
კვლავ ამოვა,მაგრამ იგი ვერ გვიპოვის ჩვენა.
026
ბედისწერის ქვეშ დავყავი ქვეყნად დრო და ჟამი,
დარდი ვეღარ მოვიცილე თუნდაც ერთი წამით,
აფსუს, აფსუს, ვერ ავხსენი გამოცანა სოფლის!
მივდივარ და თან მიმყვება ნაღველი და შხამი.
027
ხამს მიჯნური იყოს მთვრალი სასმელით და ვნებით,
იყოს შმაგი, იყოს ხელი, თუნდ კიცხავდნენ სხვები.
როცა არ ვსვამ მისივდება ნაღველისგან გული,
გულს ნაღველი ეშორება, როცა ვსვამ და ვთვრები.
028
ყურანს ხომ წიგნს ეძახიან დიდებულს და ნეტარს,
მაგრამ ყურანს ვინ კითხულობს დღე და ღამე ნეტა!
ეს ფიალა ჩამომართვი, იმის კითხვას გიჯობს,
ხედავთ, ყველგან და ყოველთვის ეს უჭირავთ მეტად.
029
ბატს შემოჩივლა ერთხელ თევზმა გვალვაზე მწყრალმა:
„ამ ჩვენს გუბეში მოიმატოს ნეტავი წყალმა!..“
ბატმა მიუგო - „ჩვენ თუ შეგვწვეს და არ ვიცოცხლეთ,
ქვეყანა თუნდა წარღვნამ მოსპოს, თუნდ ცეცხლის ალმა“.
030
ღვინისა და ქალის ტრფობის ცნებას ვინც კი იცავს,
ჯამს ვინც კოცნის და ვინც მხოლოდ ღვინის სახელს ფიცავს, -
მას არა აქვს არც იმედი და არც დასჯის შიში,
გაეთიშა იგი ჰაერს, წყალს ცეცხლსა და მიწას.
031
გირჩევ ქვეყნად ძლიერ ცოტა მეგობარი გყავდეს,
ნუ თვლი მოძმედ ყოველ გამვლელს, ვინც კი დაგიზავდეს.
იქნებ ხალხში ის გფიცავდეს მეგობრობას ნამდვილს,
ნამდვილად კი მტერი იყოს, საქმით დუშმანს ჰგავდეს.
032
იმ სასახლეში, სადაც ბაჰრამს ეჭირა ჯამი,
დღეს ტურა ჰკივის, ხედავ, როგორ იცვალა ჟამი!
ჰმ, იმ ადგილას, სანადირო რომ ჰქონდა ბაჰრამს,
დღეს მიწას დარჩა სანადიმოდ ბაჰრამის გვამი.
033
მოვიდა ნამი და ბალახი აცრემლდა ნამით,
აბა, უღვინოდ ეს სიცოცხლე რად გვინდა წამით!
წამოვსხდეთ მოლზე, ვილხინოთ და ღვინო ვსვათ, კარგო.
სანამ სხვა მოვა და ჩვენს მოლზე მოილხენს ამით.
034
მე ქვეყნის დიდი საიდუმლო ვიცი და მჯერა,
მაგრამ ხალხისთვის იგი მაინც ვერ მითქვამს ჯერა.
და ეს უმეცარ ხალხს თუ როგორ გავაგებინო,
რა ვქნა, ჯერ კიდევ ვერ მივმხვდარვარ, ვერა და ვერა!
035
ვარსკვლავთმრიცხველმა კაცის ბედზე არა რა იცის.
ჩალის ფასია ფასი თვითონ ცისა და მიწის.
იხარე, ქვეყნად ორიოდე დღე ცოცხლობ მხოლოდ, -
ბოლოს და ბოლოს არაფერი არ არის ისიც.
036
მერგუნა ქვეყნად მწუხარება, დარდი და ძრწოლა,
მოვა დრო, მოვა სიკვდილი და საფლავში წოლა.
ეს ორიოდე დღე რომ ვცოცხლობთ, ვილხინოთ მოლზე,
სანამ ჩვენ თვითონ გარდვიქცევით მიწად და მოლად.
037
მე ღმერთმა შემქმნა, იმას როგორც ჰქონია წესად,
უნდა სცოდნოდა მას თავიდან, რა თესლი სთესა,
მე რომ ვცოდავდი, განა ღმერთმა ეს არ იცოდა?!
მაშ, ახლა რატომ მემუქრება?-რასა ჰგავს ესა!
038
საცოდავია, ვისაც ტრფობის ჭირი და სნება
არ განუცდია, არ ჰქონია ამისგან ვნება.
ვასაც ამქვეყნად უცხოვრია უსიყვარულოდ,
- მე ვცხოვრობდიო, - მას ამის თქმის არა აქვს ნება.
039
მოიტა ღვინო! შაჰ-მაჰმუდი ღვინოა ჩვენი,
ავმღერდეთ ისე, - დავითის ქნარს ადარონ სმენით.
არც მომავალზე, არც წარსულზე არცერთი სიტყვა!
ვიმხიარულოთ! მიზანი ხომ ეს არის ჩვენი.
040
ტურფავ,ღვინო მომაწოდე, ორი რამე მინდა მხოლოდ:
ღვინო შევსვა და ზედ შენი ტკბილი ბაგე დავაყოლო.
ღვინო! ღვინო მომიტანე, რათა თავის შეკავების
აღთქმა შენი დალალივით ქარს და ნიავს გავაყოლო!
041
ცალი ხელით ღვინოს ვიჭერ, ცალით ქალის დალალს,
თავს კი მათთან ბაღის მყუდრო ხეივანში ვმალავ.
ბედთან საქმე მე არა მაქვს, მე ღვინოს ვსვამ მხოლოდ,
მანამ, სანამ ფეხზე ვდგევარ, სანამ მყოფნის ძალა.
042
იმის ნაცვლად, მცირე სიბრძნე რომ მესწავლა თუნდა, -
მომაღორა ბედმა უნდომ და ტყუილის გუდამ.
ეჰ, წლები რაც უმიჯნუროდ და უღვინოდ გაქრა,
აფსუს, ქვეყნად არსებობად ჩამეთვალოს უნდა!
043
სისულელეა ყველა ჯური და ყველა რწმენა,
ბევრს კი ამაოდ ეცვითება მუხლი და ენა,
აბა, მე გკითხავთ, თქვენ მითხარით:საიქიოში
ვინ წარიწყმიდა, ან ვის ერგო სამოთხის ლხენა?
044
ის, ვისი ნებით ქვეყნად შენი გაჩენა მოხდა,
ისე მოგსპობს, რომ არ სჭირდება ბოდიშის მოხდა,
ადექ და ღვინით მოირეცხე გულის ნაღველი,
ადექ და გულში ჩაიხუტე გოგონა კოხტა.
045
გვსურს თუ არა გვსურს, ერთდროს ყველა დავხუჭავთ თვალებს,
წავალთ ამსოფლით და წავიღებთ ქვეყნიურ ვალებს;
დავლიოთ ერთად, მეგობრებო, დავლიოთ ერთად!
ამქვეყნად გვიან მოვდივართ და მივდივართ მალე.
046
ჭეშმარიტება რომ შევიცნოთ, ცოდნა არ გვყოფნის,
სისულელეა ფიქრი ამის იმედზე ყოფნის.
მოდი, ძმობილო, დალიე და დათვერი მაინც,
არც ფხიზელს ძალუძს საიდუმლო შეიცნოს სოფლის.
047
ეს მაოცებს მე ეს დარდი მუდამ დარდად მქონია,
ყოფნის მიზანს ვიგონებ და,-კი ვერ მომიგონია.
დამიჯერე, რომ არსებობს, რაც გგონია, არ არის,
დამიჯერე, -არ არსებობს,რაც ამქვეყნად გგონია.
048
ომარ, როგორ გეკადრება-ინანებდე ცოდვებს,
რას მოიგებ, დასჯის შიშით რომ თრთოდე და ძრწოდე,
შენდობა ხომ ქვეყანაზე ცოდვილთათვის არის,
შეგინდობენ.შენც ხომ მხოლოდ...შენც ხომ მხოლოდ სცოდე!
049
ბევრმა ქვეყნის შესაცნობად გზა ვერ ნახა სწორი.
განა ცოტა დაბნეულა, განა ერთი–ორი.
შენ ხომ იცი, ბოლოს მაინც ცივი მიწა გველის,
დანარჩენი ყველაფერი ჭორი არის, ჭორი!
050
კრიტიკოსის თვალში ავს და კარგს აქვს ერთი ფასი.
რეგვენს ეცვას თუნდ ატლასი, თუნდა ეცვას ფლასი.
სულერთია თავსასთუმლად ბალიში თუ ჯირკი
მათთვის, ერთად ვინც დასცალა სიყვარულის თასი.
051
ერთმა ბრძენმა მომიწამლა ერთხელ ძილი ტკბილი.
მითხრა: – ძილში ვის უნაახვს მისი ვარდი შლილი.
რა უნდა ქნა შენ ისეთი, რომ გადურჩე სიკვდილს.
შესვი! გელის სამარეში სამუდამო ძილი.
052
დარდი შხამია, თრიაქი კი ღვინოა მხოლოდ.
სვი ეს თრიაქი და შენს დარდებს მოუღე ბოლო.
დაჯექ მწვანეზე. თორემ ისიც კაცი ყოფილა.
დამიდასტურეთ, – ხომ ასეა, მიწავ და მოლო?
053
დალიე მეთქი! ცხოვრება ხომ ნისლია, ნისლი.
ქვეყნად ერთი დღეც რომ იხარო, ბევრია ისიც.
რაც უნდა მოხდეს, კმაყოფილი იყავი მაინც.
ვისი ოცნება სრულყოფილა, თქვი აბა, ვისი?
054
ჰე, ნოვრუზმა დილას ნამით დაუბანა პირი,
დაამშვენა ეს ქვეყანა ტიალი და მწირი.
დაჯექ მოლზე და შენდობით მოიგონე კაცი,
გუშინ შენებრ მოქეიფე, დღეს ბალახის ძირი.
055
ქვეყნად მხოლოდ ლხენაა, ქვეყნად მხოლოდ ვარდია?
ბრძენნი სოფლის განგებას ბოროტმოქმედს ადრიან.
მოკლედ რომ ვთქვა, ცხოვრებას რომ ვუყურებ ახლა მე,
უფრო ცოტა შვებაა, უფრო მეტი დარდია.
056
ვარდობის თვეში კარგი სუფრა და ჩრდილში ლხენა,
გვერდით კი ტურფა! ო, ამ სიტკბოს ვერ იტყვის ენა.
აბა გასინჯე! ჯოჯოხეთი შენ არ შეგაკრთობს
და არც სამოთხე მიგიზიდავს, მერწმუნე შენა!
057
გვერგო ცხოვრება აბეზარი, მლაშე და ფლიდი.
გვაქვს ცრემლის გუბე, ჯეიჰუნის წყალივით დიდი.
ვარამი ჩვენი ჯოჯოხეთის ცეცხლის მსგავსია,
სამოთხეში ვართ, წუთით მაინც თუ დავრჩით მშვიდი.
058
ვარდი ამბობდა:“ჩემებრ ტურფა და ჩემებრ მწველი
ქვეყნად რა არის, მაგრამ მაინც დაჭკნობას ველი“.
ბულბულმა უთხრა: „აბა, ერთ წელს ვის უცინია,
ისე, რომ შემდეგ არ ეტირა მრავალი წელი“.
059
ლოთებს ელისო ჯოჯოხეთი გულის მზარავი, -
მეც საყვედური ბევრი მითხრეს დაუფარავი
- როგორ? ჯოჯოხეთს ლოთს და მიჯნურს თუ აგზავნიან,
მაშ სამოთხეში ვინ ჰყოლიათ? - მგონი არავინ.
060
მე არ ვიცი, რით გავჩნდი, ეს მასალა რისია,
ჩემს იღბალზე მზე ნათობს, თუ ნამდვილად ნისლია.
ღვინო, ქალი, ბარბითი, _ მე ეს ნაღდი მომეცი
და თუ გინდა, აიღე შენ სამოთხე - ნისია.
061
განა მიტომ ვსვამ, რომ ვიგემო სიტკბო და შვება,
ან დავივიწყო ჩემი რჯული, დარდი და ვნება?
- არა! მე მინდა წუთით მაინც ჩემს თავს მოვშორდე,
თავდავიწყება მენატრება, თავდავიწყება!
062
ეჰ, ღვინო! ღვინო სულია და გულია ჩემი,
ყოველი რჯულის უარყოფა - რჯულია ჩემი.
ბედის პატარძალს ვკითხე: - შენი ქებინი რაა?
თქვა:- მხოლოდ იგი, რომ შენ გახდე სრულიად ჩემი
063
დალიე მეთქი! შავ მიწაში მოგიწევს ძილი.
არც მეგობარი, არც მოკეთე, სატყფო თუ შვილი!
გეტყვი სიმართლეს, არ დასჭირდეს დავა და ცილი:
- დამჭკნარი ვარდი ვერ იხილო ხელახლა შლილი.
064
რაც არ უნდა აძაგონ, ვამბობ, - ღვინო კარგია!
ვინც კი ამას უარყოფს, ჭკუა დაუკარგია.
ზოგჯერ რასაც კრძალავენ, სწორედ იგი გვჭირდება
და რასაც არ კრძალავენ, ის არაფრად გვარგია.
065
არც სინაგოგა, არც მეჩეთი, არც ეკლესია, _
არ მწამს არც ერთი, მათი გმობა ჩემი წესია!
მე არც სამოთხის იმედებით ვყოფილვარ ქვეყნად,
არც ჯოჯოხეთის მოლოდინით დამიკვნესია.
066
თუკი გული სიყვარულით არ გედაგვის შენა,
სულერთია, რაც არ უნდა გქონდეს რწმენა.
ვინც მიჯნურთა დავთარშია, არ მოელის იმას
არც წარწყმედის განსაცდელი, არც სამოთხის ლხენა.
067
მდინარის პირას რომ დამდგარან ტურფა ნაძვები, _
მათ ნუ აწვები! ფრთხილად, _ მოლზე როცა დაწვები!
იცი თუ არა, რომ ეს ნაძვი ქალის ტანია,
რომ ეს ვარდები არის ტურფა ქალის ღაწვები?!
068
სატრფო, ვისთვისაც დღე და ღამე მიკვნესის გული,
თვითონ გამხდარა დღეს მკვნესარე და იღბალ-კრული.
რა ვქნა არ ვიცი, როგორ ვთხოვო მას - მომარჩინოს,
როცა თვითონ ვერ უწამლია თავისი წყლული!
069
თუ მოვკვდებით, სულ ერთია ბაღდადი თუ ბალხი.
ღვინო გინდა თეთრი იყოს, გინდა ფერად თალხი.
შესვი, ძმაო! არ ვიქნებით ჩვენ ამქვეყნად, თორემ
სულ იქნება მზე და მთვარე, სულ იბრუნებს ჩარხი.
070
ყველა, - მოხუცი თუ ჭაბუკი, - უკლებლივ ყველა,
მიდის იმ ქვეყნად, ზოგი ჩქარა და ზოგი ნელა.
ო, ეს ბებერი ცხოვრება რომ არავის ინდობს!
მოვალთ და მივალთ. სიკვდილისგან არა გვაქვს შველა.
071
ო, ეს ჯამი, ერთხელ რომ მოწიწებით გამოწვეს,
დამსხვრეულა და გზაზე სწორედ ამის გამო ძევს.
ფრთხილად, ფრთხილად, თუ ძმა ხარ, ხედავ, თავის ქალას ჰგავს.
ის რომ ერთ დროს კაცი იყო, ამას ესეც ამოწმებს.
072
მაშინ, როცა ხესავით მოვითხრები ძირითა,
დავიშლები სნეული ათასგვარი ჭირითა, -
ჩემგან სურა გამოწვით და თუ გინდათ გავცოცხლდე,
მასში ღვინო ჩაასხით, ჩემზე ნუღარ სტირითა!
073
ის, ვინც იშვა და იგრძნო სოფლის ღელვა-დუღილი.
ხან ერგო ლხენა, ხან დარდი და გულის წუხილი,-
ერთხანს ხარობდა, მაგრამ შემდეგ ისე დადუმდა,
ისე სძინავს, რომ ვერ აღვიძებს ჭექა-ქუხილი.
074
ჩემი გაჩენით სარგებელი ღმერთს არ ჰქონია,
ჩემმა სიკვდილმაც რამ შემატოს არა მგონია.
მე ძლიერ მიკვირს, ამის პასუხს არავინ მაძლევს,-
ეს წასვლა მოსვლა მას რა მიზნით მოუგონია?!
075
კმაყოფილი არა ვარ ამ განგებით ავითა,
ჩამოგვართმევს სიცოცხლეს, გვტანჯავს წყლულით მწვავითა.
ვერვინ ვნახე ამ ქვეყნად იმ ქვეყნიდან მოსული,
ვკითხო, - საით წავიდა, ვინც აქედან წავიდა?
076
ჩვენ მოგვკლავს და თვით რჩება, ჩვენგან როგორ იქება!
ვერვინ ვეღარ შეიძლოს ჩვენი ნიშნის მიგნება.
სანამ ჩვენ არ ვიყავით,ქვეყნად ვნებაც არ იყო,
არ ვიქნებით და ვნება ქვეყნად მაინც იქნება.
077
.ო,ეს მდიდრები! ეს ბრიყვი და ზვიადი კასტა!
ცხოვრობენ მყუდროდ და სხვის მიმართ მსჯელობენ მკაცრად.
ყველა ისინი, ვინც მათსავით არ არის ძუნწი,
მათგან არ არის მიჩნეული ღირსეულ კაცად.
078.
ბედმა ბევრი ჩვენისთანა აჭრა, როგორც დარგო.
თავის ბედზე მწუხარებამ აბა ვის რა არგო?!
აბა, ერთი ამივსე და მომაწოდე აქეთ,
აბა, ერთიც ხელმეორედ მომაწოდე, კარგო!
079.
შესვი,თორემ გაუჩნდება გულს წყლული და კეთრი,
რას გიშველის, უბედურო, შენ ოქრო და თეთრი.
შესვი, თორემ, სულერთია, შენი მტერი დალევს,
შესვი, სანამ გაცივდება შენი ცხელი მკერდი.
080.
ბევრი ცოდნა შევიძინე, ბევრი ვტეხე ღამე,
ბევრი სიბრძნე შევიცანი, ძლიერ ბევრი და მე
მოვიპოვე ამის გამო იმოდენა ცოდნა,
რომ მივუხვდი - ქვეყანაზე არ მცოდნია რამე.
081.
ძმებო,მუდამ, როცა გექნეთ ერთად შეყრის დღენი,
იქეიფეთ და ეს საქმეც ვაჟკაცური ჰქენით:
როცა ღვინოს ერტად სვამდეთ,მოგვიგონეთ ჩვენცა,
მოგვიგონეთ და დალიეთ შესანდობი ჩვენი.
082
რაც ამ ქვეყნად კი გვებადა, თვალით მიგვეფარა,
რაც არ გვქონდა, იგი ხომ სულ არ არის და არა.
ცხოვრებაზე ნუ იდარდებ, დარდად არ ღირს იგი.
მხნედ იყავი, სულერთია, რაც გვაქვს, ისიც კმარა.
083.
შეხეთ, მკვდრები რომ გამხდარან დღეს მიწა და მტვერი,
შეუცვლიათ ხასიათი, შუცვლიათ ფერი.
ვაი, ვაი, რა ღვინო სვეს მათ ისეთი, რომა
ყველაფერი დაივიწყეს, თითქმის ყველაფერი.
084.
კაცის წამება მის შეძლებას აღმატებულა,
ღმერთმა თავიდან ის სიკვდილით ავალდებულა.
ნეტავი იმას, ვისაც ქვეყნად არ უცხოვრია,
ნეტავი იმას, ვინც სულაც არ დაბადებულა!
085.
ვარდობისთვე დგას, ღვინოც ვარდის ფერად ნაფერი!
ჩანგი და ნაი დაუკარი, სვი და დათვერი.
მე ღვინო მინდა, შენ თუ ღვინო არ გსიამოვნებს, –
მე რას მაძაგებ, – შხამი შენს პირს, მიწა და მტვერი!
086.
დალიე ღვინო, თუ გსურს იყო უკვდავი მარად,
თუ გსურს მოხუცი გადაიქცე ჭაბუკის დარად.
შესვი და გულ–ღვიძლს მწუხარების ცეცხლი თუ გიწვავს, –
მის დასაქრობად ღვინის ერთი ფიალა კმარა.
087.
გატეხე მარხვა, შიში ნუ გაქვს, გაბედე, ჰქენი!
აჭამე მშიერს, ამას ითხოვს კაცური ზნენი.
ნუ შეურაცხყოფ კაცს გულმართალს საქმით და ენით,
განკითხვის დღეს კი მე ვიქნები თავდები შენი.
088.
რამდენხანს გაძლებ შენ, ათასი წელი თუ ასი,
სულერთი არის, ამას მაინც ერთი აქვს ფასი.
გინდ მეფე იყავ, გინდ იყავი გლახაკი ბაზრის,
შე საცოდავო, მაინც წახვალ, არა აქვს აზრი!
089.
თუ დალევ ღვინოს, ეცადე სვა გონიერ კაცთან,
ან მასთან, ვისთან გაქვს ტრფიალის ვნება და განცდა.
ძლიერ ბევრს ნუ სვამ, ნუ დათვრები ძალიან ხშირად,
ბედს დაუმადლე თუ ხალხისგან გაკილვა აგცდა.
090.
ცისკრის ნიავმა დაუხია სიბნელეს კალთა,
აბა, წამოდექ და დალიე შავთვალა ქალთან.
დალიე, ძმაო, ბევრჯერ მოვა ქვეყნად ცისკარი,
მაგრამ ჩვენ თვითონ არ გვექნება სინათლე თვალთა.
091.
ომარ ხაიამ, ბედს არა აქვს კდემა და რიდი.
შენი დათრგუნვა მისთვის საქმე არაა დიდი.
სვი ბროლის ჭიქით მანამ, სანამ ბროლს სიცოცხლისას
სიკვდილის ხელით არ დაგიმსხვრევს განგება ფლიდი.
092.
მიწის გულიდან ზუალამდე, როგორც მისანი,
ქვეყნის შეცნობას შვდგომოდი – მქონდა მიზანი.
მე შევიცანი საიდუმლო ცისა და ქვეყნის,
მაგრამ სიკვდილის საიდუმლო ვერ შევიცანი.
093.
ბაღში! ბედს ნუ ენდობი, ან იმისი გჯერა კი?
შესვი, თორემ სიკვდილის ქარიშხალი ვერაგი
ცდილობს, როგორც დაფხრიწა მან პერანგი ვარდისა,
ისე შემოგვაფხრიწოს ჩვენც სიცოცხლის პერანგი.
094.
გულს ნურასდროს მიაკარებ ვარამსა და სევდას.
ღვინო სვი და სევდა მაშინ რაღას გაგიბედავს.
ვაზის ასულს მიუჯექი, ინეტარე მასთან.
აკრძალული ასული სჯობს შემოძლეულ დედას.
095.
კაცს იმორჩილებს ღვინის გემო, სიტკბო და ყანდი.
ღვინის დალევით იფუშება ყოველი ფანდი.
ღვინო რომ იბლისს დაელია, მგონი მისთვისაც
ფეხთ გაეყარა მორჩილების ხუნდი და ბანდი.
096.
ზეზე წამოდქ, გვსტუმრებია ნათელი დილის.
ბროლის ფიალა შენც აივსე ლალისფერ ღვინით.
სიკვდილის შემდეგ ვერ იპოვი შენ ამ სიხარულს,
რაცას განიჭებს უბადრუკი ცხოვრების ლხინი.
097.
ბრძენო მოხუცო! ამ მიწისმთხრელ ჭაბუკს არ ესმის,
მიწასთან ჰმართებს მოკძალება, მეტი ფარეზი.
ურჩიე – ფრთხილად დაჰკრას ბარი, რადგან ეს მიწა
ქიეყობადის ტვინია და თვალი ფარვიზის.
098.
ღმერთმა, რომელიც მფლობელია მაღალ აზრისა,
მზე დააბნელა ბევრი მაჰმუდ–აიაზისა,
ვინც ამ ქვეყნიდან წავა, უკან აღარ ბრუნდება.
ღვინო!.. სიცოცხლეს მოექეცი უფრო აზიზად.
099.
რეგვენთან ნუ გსურს საუბარი, ნურცა კამათი,
მოდი, ჭკვიანებს დაუჯერე, გწამდეს ამათი,
შხამიც დალიე ჭკვიან კაცის შეოძლეული,
სულელისაგან მორთმეული არ სვა შარბათიც.
100.
როს დოქის ბაგეს დავაწებე ბაგე გაწვდილი,
რომ მქონებოდა მე სიცოცხლე უფრო ხანგრძლივი,–
დოქმა თავისი საიდუმლო გამანდო ჩუმად:
"მეც შენებრ განვლე წუთისოფლის მოკლე მანძილი".
101.
წამოდექ ფეხზე! გაიღვიძა! ხედავ, ბუნებამ,
დავატკბოს ღვინომ და ჩანგების აღუღუნებამ,
ვინც ცოცხალია, განა ქვეყნად დარჩება დიდხანს!
ვინც წავა, სოფელს განა ისევ დაუბრუნდება!
102.
ნუ გაქვს ამ სოფლის ფარულ წესთა შეცნობის შიში.
და მოსალოდნელს ნუ განიცდი ვაით და ვიშით.
წარსულს ნუ სტირი და მომავლის ნუ გეშინია,
მოკლე სიცოცხლის სიტკბოებას ამით ნუ იშლი!
103.
ყორანი ვნახე ტუსის ციხის ქინგურზე მჯდარი,
ქეიქაუსის თავის ქალას დაადო ბრჭყალი,
ეუბნებოდა: "აფსუს, აფსუს შენი დაკრული
საყვირის და ბუკის ხმები ახლა სად არი!"
104
ხაიამ, დათვერ! ამაზე კარგს ვერვინ გასწავლის,
მერე ლამაზ ქალს მოუჯექი, ღვინო–ნასვამი.
თუ ბოლოს მაინც არარა ხარ, არაფერია,
არარაობაც კარგი არის რაობასავით.
105.
მე მედოქესთან გუშინ ვნახე მრავალი დოქი,
ზოგი კაცივით მეტყველებდა და დუმდა ზოგი.
ასე ამბობდნენ: "დოქის მყიდველ–გამყიდველები.
და მედოქენი ვიყავითო, სანამ არ მოვკვდით".
‎106.
მე მირჩევნია მივაშურო ისევ ხარაბათს,
ვიდრე მეჩეთში მოგითხრობდე შენ აღსარებას.
ადამიანთა შემქნელო და ბოლოს მიმღებო,
შენთვის ერთია მათი ლხინი და მწუხრება.
107.
გუშინ, როდესაც სამიკიტნოს კარი შევაღე,
მთვრალ მოხუცს დოქი მხარზე ედგა, ეტყო სილაღე.
ვუთხარ: მოხუცო, ღმერთის არა გრცხვენია მეთქი?
თქვა: "ღმერთი მწყალობს, შენც დალიე, ბევრს ნუ ილაყბებ."
108
საქმეს ვაებით ვერას შველის ჭირის მნახველი,
ვინც ჯაფას გასწევს გონიერის მას აქვს სახელი.
იცხოვრე ლაღად, გულს ნურასდროს ნუ შეიჭირვებ,
ოხვრა–წუწუნით არ მცირდება დიდი ნაღველი.
109.
ქვეყნად სამოცდათორმეტ რჯულზე ყოფილა მეტი.
იმათზე მეტად, საყვარელო, თაყვანს გცემ, გეტრფი.
რა არი ქეფრი, ისლამი ან ქრისტიანობ? –
ქვეყნად ნამდვილი სალოცავი შენა ხარ ჩემთვის!
110
რა ვუყოთ მერე, თუ მე მზევერავს მეუფის თვალი.
სასჯელი მისი ავიცილო, მე შემსწევს ძალი.
დღეს თუ გალეშილს და გალეწილს ჩამეძინება,
ხვალ ისევ ისე შემეკვრება დაშლილი ძვალი.
111
ჰე, ჩემო ბედო, კმაყოფილი არა ვარ შენით.
მე მონა არ ვარ, ღირსეული საქმენი ქენი!
შენ ხომ უგნურებს და უგნურად შემცოდეთ სწყალობ,
მეც შემიწყალე, მეც არა ვარ შენც იცი, ბრძენი!
112.
ღმერთმა რადგან არ ისურვა,რაც მე მუდამ მსურდა,
ჩემი ქცევა უზნეობად ჩაეთვალა უნდა.
და თუ რასაც ღმერთი ჩადის,სწორი არის იგი,
მაშინ რა ვქნა,გავმტყუნდები,სწორი ვიყო თუნდა.
113.
ორი დღეა ერთურთისთვის არ მოგვიკრავს თვალი
(ჩემო კარგო, ჩვენ ხომ ღვინით უნდა ვიყოთ მთვრალი!).
დილა მოდის,ღვინით შევხვდეთ,დილა ბევრჯერ მოვა,
მაგრამ ქვეყნად არ იქნება ჩვენი ყოფნის კვალი.
114.
თენდება უკვე,ღვინოს ვითხოვ, ბროლებს და ლალებს.
სულელი არის, ვინც სახელზე სწუხს და ვალალებს.
ამ ქვეყნად, ძმებო, ძალიან ბევრს ნუ მოისურვებთ,
მოდი, დავჯერდეთ ღვინოს, ჩანგს და ქალის დალალებს.
115.
ერთხელ ვიხუმრე: - ~შევიძულებ ღვინოს ამ დღიდან,
ღვინო ხომ ვაზის სისხლი არის, სისხლი ნამდვილად.~
ბრძენმა იოცა : - "დაგიჯერო რასაც შენ ამბობ? "
- "შენ როგორ ფიქრობ,დავთმობდი მას ეგრე ადვილად? "
116.
ჩვენ ხანის გვირგვინს და ქეის თაჯს ღვინოზე ვყიდით,
სამეფო სკიპტრა ჩვენთვის ნივთი არ არის დიდი.
ჩვენ ერთი ჯამი ღვინო გვინდა იმაზე უფრო,
ვიდრე ლოცვები ღვთის წინაშე,ვედრება ფლიდი.
117.
ბედის ბადეში ვართ გაბმული,მწერივით ვკვდებით.
ო, ჩვენი გული ითანგება ჭირით და სნებით.
ვაიმე, ვაი! ჩვენი ნებით აქ არ მოვსულვართ,
და არც აქედან არ მივდივართ ჩვენ ჩვენივ ნებით.
118.
რომ მქონდეს ძალა ღვთის და არა ადამის ძისა,
მე ზეცის ჩარხებს დავამხობდი,დავცემდი ძირსა
და სხვას შევქმნიდი,რომ ხალხს ეგრძნო თავისუფლება,
რომ ქვეყნად ბოლო მოღებოდა ვარამს და ჭირსა.
119
მერიქიფევ, მერიქიფევ, რა გაძინებს ასე დილით,
ჩქარა ღვინო მომაწოდე, ადე ზეზე, გეყო ძილი.
მანამ, სანამ ჩემი თავის ქალას ჯამად გამოწვავენ,
მოდი, ჯამში გადმომისხი ე მაგ ღვინო, ტკბილზე ტკბილი!

Комментариев нет:

Отправить комментарий