19 мая 2012 г.

ნომადი ბართაიას თარგმანები


01. 
ფრთხილად იყავ, საწუთრო რადგან არის მზაკვარი,
ეცადე, ბედისწერით არ დაგებნეს გზა-კვალი.
ეს საწუთრო ასეა, პირში ჰალვას ჩაგიდებს,
მაგრამ შხამსაც გაურევს-სიტკბო მისცეს სხვაგვარი.
02.
ამქვეყნად ვერვინ მოეფერა ვარდისღაწვიანს,
სანამ ეკალმა მწუხარება მას არ აწვნია.
ხედავ სავარცხელს? სანამ ასად არ დაისერა,
სატრფოს ზილფები მას არავინ დაავარცხნია.
03.
ჩემთვის ფარული არ ყოფილა არასდროს ცოდნა,
ასე მეგონა, საიდუმლო დამრჩა სულ ცოტა.
სამოცდათორმეტს მივაღწიე ამ რწმენით წელს და
ბოლოსღა მივხვდი, წარმოდგენა არაფრის მქონდა.
04.
ოი, საწუთროვ, მწუხარებამ გული დალახვრა,
შვების პერანგი დამიფლითა, ვღირვარ არაფრად.
ქარი რომელიც ჩემკენ ქროდა, ცეცხლად იქცა და წყალი,
რომელსაც დავეწაფე, იქცა ტალახად.
05.
ყური მიგდე მეგობარო, აი გეტყვი ამას:
საწუთროზე უფიქრია მრავალ შენისთანას,
მოიძიე სადმე კუთხე, შეუმჩნევლად, შენთვის,
მიყუჩდი და უთვალთვალე წუთისოფლის თამაშს.
06.
სარდაფში შეველ, რომ დამსხმოდა ღვინისგან რეტი,
ვნახე ზარხოშად, დოქით მხარზე, მოხუცი ერთი.
ვუთხარი ასე, არ გრცხვენია, ეს რა გიქნია?
შენც დალიეო, შეგინდობსო მაღალი ღმერთი.
07.
სანამ გაქვს ფეხი და სხეულში ძარღვი და ძვალი,
ბედის სახლიდან ნუ გამოხვალ, ჩაჰკეტე კარი.
ჰათემ-თაისაც ნურას მოსთხოვ, - ძმა იყოს შენი,
თავს ნუ დაუდებ, - მტერი იყოს, გინდ როსტომ ზალი.
08.
არა ხამს გულში მწუხარებამ დაიდოს ბინა,
სამხიარულო შენ დაიდე წიგნები წინა.
დალიე ღვინო, აისრულე წადილი გულის,
ამქვეყნად დიდხანს არ დაგარჩენს, ვინც გაგაჩინა.
09.
რომ გამომიდგა _ საწუთროა სიკვდილის ცელით,
გაფუჭდა საქმე, არაფერი აწ აღარ მშველის.
სულმაც აიკრა წასასვლელად გუდა-ნაბადი,
რას ველოდოო, მექცევაო როს თავზე ჭერი.
10
როდესაც ვინმე თავს წამოყოფს, იტყვის – ეს მე ვარ!
ოქრო და ვერცხლით იამაყებს, იტყვის – ეს მე ვარ!
როცა მთლიანად მისი საქმე აეწყო, თითქოს,
მოვა სიკვდილი, მიამიტად იტყვის – ეს მე! ვარ!
11
ღმერთო, სად არის ეგ შენი დიდსულოვნება, სიკეთე,
სამოთხის ბაღის კარები ნეტა რად გადვიკეტე.
ვინც არა სცოდავს, მითხარი რად უნდა იმას შენდობა,
თუ მართლა მწყალობელი ხარ, ლოთებს და შფოთებს მიხედე.
12
ვიცი, რას ნიშნავს რაობა და არარაობა,
ვიცი ქვესკნელი და ზესკნელი, მათი სხვაობა.
და, ამავე დრს, ისიც ვიცი, რომ თრობის გარდა
არის ამქვეყნად ყველაფერი საცოდაობა.
13
როცა ერთად დასხდებით მეგობრები ძველი,
ერთმანეთით დატკბებით და იამებთ ლხენით,
როცა ჩამოარიგებს მერიქიფე ღვინოს,
მოიგონეთ ბეჩავი მეგობარი თქვენი.
14
იმხიარულე, სხვანაირად სიცოცხლე არ ღირს,
კვლავ ძველებურად იტრიალებს, ძმაო ცის ჩარხი.
ხვალ ის აგური, გამომწვარი შენი თიხისგან,
კედელს შეერწყმის, უსათუოდ, ვიღაცის სახლის.
15
ნახე, ნიავმა ვით მოიგდო ვარდები ხელში,
ბულბულმა ყელი მოიღერა ვარდების ეშხით.
ვარდების ჩრდილში დაივანე, რადგან ყვავილი,
ბევრჯერ დაჭკნება, გავერევით ჩვენც მიწის მტვერში.
16
აფსუს, სიცოცხლე გაგვეცალა სიმდიდრით თვისით,
სიკვდილის ხელმა ბევრი გული შეღება სისხლით.
ჯერ არ გვინახავს იმქვეყნიდან მომტანი ამბის,
საიქიოზე ჩამიჩუმი აქ არსად ისმის.
17
ავადა ვარ, დავკარგე უკვე მოსვენება,
უსმელობა სიცოცხლეს ჩემსას ემუქრება.
საოცარი ის არის, ავადმყოფობისას
ღვინის გარდა რასაც ვსვამ, მოაქვს მხოლოდ ვნება.
18
მუდამ ამას ჩამჩიჩინებ, გამიწყალე გული,
რომ ფლიდი ვარ, გაიძვერა და არა მწამს რჯული.
კი, ბატონო, რასაც ამბობ, ვაღიარებ, მაგრამ
შენ რომ ამბობ ამას ჩემზე, არის უხერხული
19
ავი თუ კარგი, ერთნაირად გვარგუნა ბედმა,
ტანჯვა და ლხენა თავიდანვე ჩვენ დაგვებედა.
ნუ მივარდები ყველაფერზე სამყაროს, რადგან
თუ დაფიქრდები, უმწეოა ის ჩვენზე მეტად.
20
წმინდანად ვიშვით, უწმინდურად ვიქეცით წამსვე,
ლაღნი ვიყავით, გავხდით უმალ ნაღველით სავსე.
ცრემლით ვიქრობდით გულის ღადარს სიცოცხლე მთელი,
ქარს გავაყოლეთ უცნაურად სიცოცხლე ასე.
21
ვინც კი გულში გაივლო ერთი პწკარი გონების,
უქმად არ დაუკარგავს თუნდაც წამი ცხოვრების.
ან სიცოცხლე თავისი ღვთის ვედრებით გალია,
ან ღვინო სვა, ცხოვრება განვლო სულის ცხონებით.
22
რადგან არაფრად არ სჭირდება გონება არვის,
რადგან ბურთი და მოედანი დღეს ბრიყვის არის,
მომეცი იგი, განმაშორებს რაიც გონებას,
იქნებ საწუთრომ მოწყალების მომხედოს თვალით.
23
შეხედე, როგორ დაგვმხობია ცარგვალი რისხვით,
მისგან ვერც ერთი გონიერი თავს ვეღარ იხსნის.
აი, მე მესმის მეგობრობა დოქის და ჯამის -
მათ ბაგეთ შორის მიმოქცევა ნიადაგ სისხლის.
24
მსურს, ძვირფასო, საიდუმრო გაგიმხილო ჩემი,
გითხრა მოკლედ, ორი სიტყვით და გასაგებ ენით:
მე მიწაში ჩავალ მხოლოდ შენი სიყვარულით,
მე მიწიდან ამომიყვანს სიყვარული შენი.
25
კაცს ამსუბუქებს ტანჯვა-გვემა, მატებს ღირსებას,
წვეთი სარდაფში მარგალიტად გადაიქცევა.
სიმდიდრე, თუკი განიავდა, კვლავ დაგროვდება,
ფიალა, თუკი დაიცალა, კვლავ აივსება.
26
ამ ქვეყანაზე ოდითგანვე გზა მიდის ორი,
ნაწილი რწმენის გზას ადგას და ნაწილი გონის.
ვაითუ ერთხელ ხმა გაისმას მოულოდნელად:
"ეი,უვიცნო,არც ერთი გზა არ არის სწორი! "
27
ხვალინდელ დღეზე ნუ შეგაკრთობს დარდი და სევდა,
ამ თვითგვემაში სანუგეშოს,ნეტავ,რას ხედავ.
ილაღე,ძმაო,დასაწყისში რადგანაც საქმის
მგონი არავის არ ჰქონია თათბირი შენთან.
28
მარადისია ეს სამყარო,ჩვენ არ ვართ მყარი,
სვი ღვინო ამო,გვერდით გვყავდეს ლამაზი ქალი.
თუკი მოვკვდები ,მეგობარო,სამყარო მაშინ
გინდა ყოფილა მარადისი,გინდ წარმავალი.
29
შენ თუ არ სვამ, ვინც სვამს იმას ნუ საყვედურობ.
შეეშვი ასეთ თვალთმაქცობას, შე უბედურო.
ამაყობ იმით, რომ სიამეს არ ეკარები,
ამით ათასჯერ უფრო სცოდავ და ვერ გებულობ.
30
ჩემს თავთან ვდაობ, როგორც ხელი, არ ვიცი რა ვქნა,
მაწუხებს ჩემი საქციელი, არ ვიცი რა ვქნა,
ვთქვათ მაპატიე - სამარცხვინო რაც ჩავიდინე,
ვით დავივიწყო მე ყოველი? არ ვიცი, რა ვქნა.
31
მე ვიტანჯები, მწუხარებით ვარ გათანგული,
შენ ილხენ, ხარობ, განუზომი გაქვს სიხარული.
არ ენდო არც ერთს, ფარდის მიღმა ამ ცარგვალს რადგან
ასი ათასი საიდუმლო აქვს დამალული.
32
საწუთრო რომ განდობოდა, არ არსებობს ქვეყნად კაცი,
მან სიმზაკვრით ბევრი მოკლა მაჰმუდი და აიაზი.
შესვი ღვინო, ქვეყანაზე არ მოგიწევს დიდხანს ყოფნა,
ვინც წავიდა, არასოდეს დაბრუნდება უკან აწი.
33
ხაიამ, ღვინით თუ ხარ მთვრალი, ბედს ნუ ემდური,
თუ გვერდით გიზის კოხტა ქალი, ბედს ნუ ემდური.
წარმოიდგინე ეს რაობა არარაობად,
სული რომ გიდგას, გაიხარე, ბედს ნუ ემდური.
34
სამყაროს რწმენა და მიზანი - ჩვენა ვართ მხოლოდ,
გონიერების წყაროს წყალი - ჩვენა ვართ მხოლოდ.
ეს წრე დიადი,სამყაროსი,ბეჭედია და
უძვირფასესი მისი თვალი ჩვენა ვართ მხოლოდ.

Комментариев нет:

Отправить комментарий