13 мая 2012 г.

ამბაკო ჭელიძის თარგმანები

001
ორი დღის თავშესანახი თუ გაქვს ლუკმა პური,
ყელმოტეხილ დოქში წყალი ცივი,საამური,
რატომ უნდა ემსახურო სხვა კაცს,შენზე მცირეს,
ან თვითონ შენ რაღად გინდა სხვისი სამსახური.
002
სჯობს იყო ლოთი თუ გწანს კეთილ გზაზე გარება,
ვიდრე პირმოთნე ბერობა ჰქმნა და ანგარება.
თუ ღვინის სმისთვის ჯოჯოხეთი მოელის მხოლოდ,
მაშინ სამოთხეს აღარავინ გაეკარება.
003
ღვინის სარდაფში მხოლოდ ღვინო შეეფერება.
კეთილს ვერ შეიქმს დაცემული ნიჭიერება.
ჩვენ ეს სამოსი სათნოების ისე გავცვითეთ,
რომ ხელმეორედ იგი აღარ დაიკერება.
004.
მე ვარ ამქვეყნად შენის ნებით და ძლიერებით,
სავსე ვარ შენის მადლითა და ლმობიერებით,
მაგრამ მსურს მაინც ჩავიდინო ცოდვა მრავალი,
რომ ვსცნა ვინ დაძლევს: მე თუ შენი წყალობის თვალი?
005
მე მფარველს ვეძებ, _ მფარველობა სადაა შენი?
დაბნელდა გული, ჩაქრა სხივი შუქის მომფენი.
მორჩილებისთვის შენ სამოთხეს თუ მომანიჭებ _
ეს ვაჭრობაა, და - წყალობა სადაა შენი?
006
გულო, ცნებათა გამოცნობას ვერ ეღირსები,
სხვისი სიტყვებით დიდი ცოდნით ვერ აღივსები.
ღვინით და ჯამით თვით შეჰქმენი შენი სამოთხე,
სხვის სამოთხეში გინდ ყოფილხარ, გინდ ნუ იქნები.
007
ჩემი სალამი პატივცემულ მოლა მუსტაფას,
ალბათ, თამამად ახლა მაინც ამიხსნი ამას:
ეი, სეიდო! რად გვიკრძალავს ყურანი ღვინოს
და ნაცვლად გვირჩევს დამჭავებულ მაწვნის სმა–ჭამას?!
008
გინდა მიჯნურთან გაატარე სიცოცხლე მთელი,
გინდა სიამით განიცადე წუთისოფელი.
სიცოცხლის ბოლოს უსათუოდ თუ უნდა მოკვდე,
ჩანს, რაც გინახავს, სიზმარია იგი ყოველი.
009.
დრო–მონადირემ, მახით ლუკმა რომ მიაწოდა,
ნადირს დაჭერილს, მან სახელად კაცი უწოდა.
ავი და კარგი, რა სახელად მან ჩაიდინა,
ისე მოაწყო, თითქო ბრალი ხალხს მიუძღოდა.
010.
ჯამი და ღვინო, მერიქიფე და მწვანე ველი,
სამივე ეს მე, – შენ სამოთხის სასუფეველი.
ნუ დაიჯერებ ჯოჯოხეთის, სამოთხის ჭორებს,
იქ ვინ წავიდა, ან ვინ ნახე აქეთ მომსვლელი?
011.
სამოცდათორმეტ სჯულს გვითვლიან დიდს და პატარას.
შენი ეშხის მეტს ჩემს რწმენაში არა ვცნობ არას.
რაა ისლამი, რის ურწმუნო, შენდობა, ცოდვა?
იყავი შენთვის, ყურს ნუ უგდებ ქვეყნის მასხარას.
012.
ჩვენ მეფის გვირგვინს სიხარულით გავყიდით ფულზე.
მოქარგულ ჩალმას – სალამურის ხმის სიყვარულზე,
და საღვთო ლოცვებს, საბრალო ხალხს რომ ატყუებენ,
გავცვლით ღვინოში, თაფლივით რომ გვედება გულზე.
013.
შენ, განდეგილო, მაგ მწირობით ბევრიც დაგვცინო,
ჩვენ ლოთები ვართ, და ყოველთვის გვექნება ღვინო,
შენ ცრუ ლოცვებით თავს იტყუებ და იტანჯები,
ჩვენ გვინდა ღვინო, მიჯნური და მღერა სალხინო!
014.
ეჰ, ბედო ჩემო! ნუ მაწუხებ მაგ პირშავობით,
დიდი ვარ შენზე, – შენ კი მცირე შენის რაობით,
მე ვწუხვარ თვითონ, ვიცი ჩემი უბედურება,
და ვიტანჯები მარად ჩემის არარაობით!
015.
ის სჯობია მეგობარი თუ რომ ცოტა გყავს.
შორით დაუგდე, ძმაო, ყური შენ ქვეყნის ამბავს.
ვინც მეტ მეგობრად ცხოვრებაში თავს მოგაჩვენებს,
იცოდე, იგი სხვაზე უფრო გულს მოგიშხამავს.
016.
თუ უნდა მოჰკვდე, სიკვდილისთვის თუ ერთი დროა,
მოჰკვდები ერთხელ - იგი რაღა სამწუხაროა.
ეგ სისხლი, ხორცი, შინაგანი უწმინდურება -
არარა იყო.ტანჯვა მისთვის რა საჭიროა.
017.
გულო, ამაო საშველზე ნუ გიჭირავს თვალი,
შენ სანუგეშოს ვერას მოგცემს ქვეყნის ტრიალი.
წამალს თუ ეძებ, იგი დარდზე დარდს მოგიმატებს,
თვით განიკურნე,და ნუ გინდა მისი წამალი.
018.
როს მწვანე მოლი დაამშვენებს მინდვრებს და სერებს,
ყვავილთ კალთაზე დილის სიო ჩანგს ააჟღერებს,
კაცი ის არის,ვინც ხალისით გადაჰკრავს ღვინოს,
დაცლილ ფიალას დასცემს ქვაზე და აამტვერებს.
019.
ვინც კი წავიდა ჩვენზე წინათ - ეი,მერიქიფევ,
მან შავ მიწაში დაიძინა - ეი,მერიქიფევ,
გაავსე ჯამი, შეისმინე სიმართლე ჩემი.
ვინც არ სვამს, მან რა შეიძინა - ეი,მერიქიფევ
020.
რაც იყო, მისთვის ნუ იქნები გულგატეხილი,
რაც არ ყოფილა, ნურც მასზე ხარ ნაღვლით ავსილი;
სანამ საწუთრო გამოგაცლის ხელიდან მახვილს,
მანამდე თვითონ გამოსტაცე შენ შენი წილი.
021.
არის დრო - ჰავა არც ცივია და არცა ცხელი,
ჟუჟუნა წვიმით ინამება ყვავილთა ველი,
ბულბული ვარდზე მთვრალი ეშხით ზის და იძახის:
დრო არის ახლა სავსე ჭიქას მოჰკიდოთ ხელი.
022.
საღვინე დოქი ჩემი რისთვის გატეხე, ღმერთო?
დამიხშე კარი სიხარულის,ლხენა წამერთო.
წმინდა ზედაშე ტკბილი ღვინის ძირს დამიღვარე.
მიწა ჩემს ენას! განა თუ შენც დათვერი,ღმერთო?
023.
ამბობენ :ნუ სვამ,თორემ მაგით დაიღუპები,
და განკითხვის დღეს ჯოჯოხეთში შენ დაიწვები.
დე ასე იყოს,ქვეყნის ტანჯვა მასთან რა არის,
თუ ერთი წუთით მხიარული მაინც ვიქნები?
024
ღვინოს თუ დალევ, ისევ ჭკვიან კაცთან დალიე,
ან ლოყაწითელ და ეშხიან ქალთან დალიე.
ზედმეტს ნუ დალევ, იყავ შენთვის, იჯექი მშვიდად,
ნელა, ცოტ-ცოტა, გვიან-გვიან - ტკბილად დალიე.
025
ჩემი არცოდნით დაეკარგა სულს მოთმინება,
სევდით მოცულმა ვერ შევწყვიტე ცრემლთა დინება;
ჩემი აქ ყოფნა და არყოფნა თუ ერთი იყო,
ჩემი აქ მოსვლა, მაშ, განგებამ რისთვის ინება?!
026
ის რაც ყოფილა, ნუ ხარ მისთვის ფერდაკარგული
რაც არ ყოფილა, ნურც იმაზე დაგწყდება გული
დასტკბი ამჟამად, რაც გაქვს ქვეყნად მზად მოცემული
სანამ მახვილით მოვა ბედი გააფთრებული.
027.
ჰეი, რეგვენო, არსი მიწის - არარა არის,
ეს ჭრელი სფერო ამა ცხრა ცის - არარა არის.
სიკვდილ-სიცოცხლის შეუწყვეტელ ორომტრიალში
ჩვენ ერთს წუთსა ვართ და ის წუთი - არარა არის.
028.
რადგან ჭკვიანი ამ დროებით ვერ გაიხარებს,
უჭკუოს გარდა სიამით დროს ვერვინ ატარებს
მომეც ის ღვინო, გონიერს რომ შეუცვლის ჭკუას,
მაშინ დროება ჩემთვის უკეთ გამოიდარებს.
029.
ქვეყნის სამზადში მხოლოდ ბოლი იგემე მწარე,
ყოფნა-არყოფნის განიცადე შენ სიმწუხარე.
რადგან ქვეყანა სატანჯველი არის ყველასთვის
მოსპე ეგ ტანჯვა, მოისვენე და გაიხარე.
030
შენით შევიქენ მოქეიფე და ლოთი ღვინის,
ხალხი ამისთვის, თუ ასეა, რაღად დამცინის?
შენ ჰეი, ყველა, ვინც შესცოდა, ლოთად აქციე,
და ქვეყანაზე ვერვინ ნახე ფხიზელი ტვინის.
031
თუ შეგიძლია, ლოთებს ძმურად მიეცი ხელი,
ლოცვას და მარხვას დაუნგრიე ცრუ საფუძველი,
ომარ ხაიამს დაუჯერე მართალი სიტყვა,
დალიე ღვინო, იგიჟე და იყავი ქველი.
032
ღვინოს თუ დალევ, გონების გზას ნუ გადასცდები,
ნურც შიში გიპყრობს, სულელივით ნურსად დაჯდები,
თუ გინდა ღვინო, რომ ყოველთვის შეგერგოს ტკბილად,
სხვას ნურას ერჩი, და თვითონ შენც ნუ გაგიჟდები.
033.
ოდეს სრულიად გაშორდება სული ჩვენს სხეულს,
ორიოდ აგურს დაადებენ საფლავს დაქცეულს,
და თუ აგური დასჭირდებათ სხვის საფლავისთვის,
ჩვენც ხის ყალიბში მოგვაქცევენ მტვრად გადაქცეულს.
034.
საღმრთო მოძღვრება თუნდ იცოდე მთელი სისრულით,
ვერას გიშველის, დაცემული თუ კი ხარ სულით.
რადგან ლოცვის დროს თავი უნდა დასცხო მიწაზე,
დასცხე მიწაზე, რაც გაქვს ცუდად ჩაგონებული.
035.
ვემორჩილებით წითელ ღვინოს ჩვენ უწინარეს,
შევსწირეთ სული ღვინოსავიტ ტუჩმოცინარეს,
თან მერიქიფეს დოქის ხელი ხელში უჭირავს,
თან ღვინის სული ჯამის პირს მოადგა არეს.
036.
უნდა დავიწყო ხვალ ცხოვრება ზნედაცემული.
უნდა ვიარო ღვინისფრად წვერშეღებილი.
ჩემმა სიცოცხლემ სამოცდაათ წელს მიაღწია,
ახლა თუ არა, როდის ვიყო მე კმაყოფილი.
037.
მსურს შენს შესახებ გითხრა ჩემი გულის ნადები,
მსურს ორი სიტყვა იყოს მოკლე და გასაგები!
მე შენის ეშხით შავს მიწაში ჩავიკარგები,
და შენი ტრფობით მიწიდანვე ისევ ავდგები.
038.
ეი, შენ, ღვინოვ, სასიამოვ, ჯამის საუნჯევ,
გონიერებას ბორკავ სრულად და ამარყუჟებ.
ვინც კი შენ შეგსვამს, მას სიამეს არ მიანიჭებ,
სანამ იმის განძს ხელის გულზე არ მოაქუჩებ.
039.
თუ მე გიყვარვართ, ყბედობაზე აიღეთ ხელი,
მწუხარების დროს მომაწოდეთ ღვინო სასმელი.
როცა მოვკვდები, ჩემი ლეში აქციეთ მიწად,
და გამოლესეთ ღვინის დუქნის კედლების ხვრელი.
040.
ვით ბერი გლეხი ებრძვის მიწას გამწარებული,
შენც ისე ჰქენი, რადგანაც ბევრს მოითხოვს გული.
მიწის ნიადაგს ამოართვი მთლიანად რაც გსურს,
ბევრი სურვილი აქვს ქვეყანას ძირს ჩამარხული.
041.
გულო, სხეულის მტვერისგან თუ განიწმინდები,
შენ სულიერად განწმენდილი ზეცას მისწვდები,
შენ ზეცის ტახტზე უნდა იჯდე, და სირცხვილია
თუ ოდეს ცოდვილ დედამიწის მკვიდრი იქნები.
042.
მე გულის ყურში მითხრა ზეცამ სიტყვა ფარული,
ჩემი დამდგენი განგებაა, გაქვს გაგებული?
ამ ჩემს ბრუნვაში, მე რომ თვითონ ხელი მქონოდა
არ ვიქნებოდი ამრიგად მე აზრდაბნეული.
043.
ღვინო, დღეს ცუდად ხსენებული, ერთობ კარგია.
მერქიფის ხელით ჩამოსხმული, ერთობ კარგია.
მწარეა იგი, აკრძალული, მაგრამ საამო,
რაც კი რამეა აკრძალული, ერთობ კარგია.
044
სანამ ამ ტანჯვას განვიცდიდე, რაც მაწევს გულზე,
მე ჩემს ცხოვრებას ჭირზე შევცვლი თუ სიხარულზე,
დაასხი ღვინო! ჩვენ რომ ჰაერს შიგნით ვეწევით,
მე აღარ ვიცი, თუ ოდესმე ამოვა ზევით.
045
ვისაც ხელში ნახევარი პური აქვს,
და თავისთვის დასაჯდომი ყურე აქვს,
არც მონა ჰყავს და არც სხვას ემონება,
ქვეყნად იმას რაღა დასამდური აქვს.
046
ას წელს იცოცხლე, გინდ სამასი, ათასიც კიდევ,
ბოლოს და ბოლოს ამ ქვეყნიდან უნდა გახვიდე.
მეფე იქნები, თუნდ სხვა ვინმე გლახა ბაზარის,
ერთია ფასი, ორივესთვის ერთი გზა არის.
047
მარადისობის გამოცნობა ძნელი რამ არის,
მიუწვდომია ჩვენთვის მუდამ მისი ზღაპარი.
ჩვენი ხმაური ფარდის იქით გაისმის მხოლოდ,
ფარდას რომ ავხდით, რჩება ისევ გაუგებარი.
048
პირველ ყოვლისა მე ვფიქრობდი მთელი დღე-ღამე,
ბედის, სამოთხის, ჯოჯოხეთის მცოდნოდა რამე.
ბოლოს მოძღვარმა სიტყვა მითხრა მე შეუმცდარი:
ბედი, სამოთხე, ჯოჯოხეთი თვით შენში არი.
049
ურწმუნობის და რწმენის ზღვარი - ერთი სუნთქვაა!
და საეჭვო და უეჭარი - ერთი სუნთქვაა.
ეს ერთი სუნთქვა მოიხმარე სამხიარულოდ,
სიცოცხლის აზრი ყოველგვარი - ერთი სუნთქვაა.
050
ვინც იყო ქვეყნად, ვინ გადარჩა აქ უცოდველი?
ვინც არ შესცოდა, როგორ განვლო წუთისოფელი?
მე ვქენი ცუდი და შენც ცუდით გადამიხადე,
სადღაა ჩვენში განსხვავება - მე პასუხს ველი.
051
მუფტი, თუმცაღა ჩვენ ყოველთვის ღვინით ვართ მთვრალი,
მაგრამ ჩვენ შენზე ფხიზელი გვაქვს გონების თვალი.
ჩვენ ღვინოსა ვსვამთ ყოველდღე და შენ - სისხლს კაცისას,
ქვეყნის ცოდვაში რომელს უფრო მეტი გვაქვს ბრალი?


Комментариев нет:

Отправить комментарий