001
წამოდექ, ყრმაო, _ განთიადის ჩამოდგა ჟამი,
სიცოცხლის ლხინით აელვარდეს ეგ წმინდა ჯამი,
წამის წამია ჯილდო მყოფთა ამა ქვეყნისა,
ბევრიც ეძებო, ვერ იპოვო მაგგვარი წამი.
002
«ზღვას მომაშორეს», – ქვითინებდა პატარა წვეთი,
დარდს მისას ზღვისა ღიმი ედგა, ვით ნათლის სვეტი:
ერთნი ვართ ყველა, ერთმანეთით მიწყივ ვივსებით,
ნუ სევდიანობ, – განშორება წუთია კენტი.
003^
ომარ ხაიამ, ყისმათს არ აქვს ხათრი და რიდი,
შენი დაჩაგვრა მისთვის ცოდვა არ არის დიდი,
შესვი ბროლიდან ბროლბადაგი, ბროლს სიცოცხლისას
გადაგიმსხვრევდეს ვიდრე იგი, – მშვიდი და ფლიდი.
004
სიზმარში, ერთხელ, მომეყურა ბრძენის ხმა დილით:
«რა ხეირია ძილში, ნეტავ; რით არის ტკბილი?!
უწყოდე: ყველა, _ რაც სიკვდილს ჰგავს,
– უნდობარია, წამოიმართე, მიწის ქვეშაც გეყოფა ძილი».
005
ვით მომსკდარი ნიაღვარი, ვით ხორშაკი ველთა,
გაფრენილან დღენი ჩვენნი, მოფრენილა ელდა;
სანამ პირში სული მიდგას, ორს არ ვნაღვლობ მარტო:
რაც წასულა, – იმ დღეებს და – დღეთ ჯერ მოუსვლელთა!
006
ვისაც ერთი მადლიანი პური აქვს,
სათავისო წილკერძი და ყურე აქვს,
არც მონაა, არც ბატონი არვისი,
ნეტავ იმას რაღა დასამდური აქვს?!
007
მითხარ, ამქვეყნად გეგულება შენ უცოდველი?_
თუ არა ცოდვით, _ ვით მოჭამეს წუთისოფელი?!
კარგი, მე გცოდე და შენც ცუდად გადამიხადე!_
რითიღა ვსხვაობთ, ერთი, მითხარ, – პასუხს მოველი.
008
უეჭვოსა და ეჭვის მზღვარი ერთი სუნთქვაა!
თავად სარწმუნოც და საეჭვოც ერთი სუნთქვაა!
ეს ერთი სუნთქვა საკმარია სიხარულისთვის, –
აზრიც ყოფისა, ჩემო ძმაო, ერთი სუნთქვაა.
009
შევხარი ღვინოს და აროდეს არა ვარ მთვრალი,
უჯიათობის არ მამძიმებს მე ცოდვა-ბრალი;
ღვინოს თუ შევტრფი, მარტო იმად, რათა შენსავით,
ამპარტავნობის ცოდვით, მეც არ დამიდგეს თვალი.
010
ამ ჩვენს მუხთალ დროს აღარ ფასობს ჭკუა-გონება,
ურცხვად ტკბებიან, შეიძინეს რაკი ქონება;
დამისხი ღვინო; მოდი, ერთი, –
ჭკუას ჩავკარგავ, იღბალი ჩემკენც მოიხედავს, მოეწონება.
011
შემწეს დავეძებ, _ შემწეობა სად არის შენი?
მძიმე უკუნი ჩამოწვა და ჩაბნელდა გული,
«მორჩილი ვიყო და სამოთხე მექნება სრული»?! –
ეს ვაჭრობას ჰგავს! წყალობა კი სად არის შენი?!
012
ამ საწუთროში მამხილებლის თვალი სად არი?
კაცთა, – მოსულთა და წასულთა, _ კვალი სად არი?
გული დაგული, დადაგული, – გული უბიწო
დაიფერფლება, დაიფერფლა... კვამლი სად არი?
013
გულმოწყალეო, შენი ძალა არის სიკეთე, –
სამოთხის ბჭენი რად ჩარაზე, რა გამიკეთე?
თვინიერი რომ მოგეწონოს, ეგ რა მადლია?
ცოდვილს მიწამლო, შემეწიო, – აი, სიკეთე!
014
ღვინო ჩააქრობს ქედმაღლობას მზვაობარისა,
მას ძალუძს მხოლოდ გატოლება მთის და ბარისა,
ეშმაკს ამ ღვინის ერთი ყლუპიც რომ დაელია,
ერთგული კაცი იქნებოდა მეგობარისა..
Комментариев нет:
Отправить комментарий