19 мая 2012 г.

თამაზ ჩხენკელის თარგმანები


01
ზღვას განვეშორე, ქვითინებდა წვეთი პატარა,
მის მწუხარებას ზღვამ სიცილი რომ დააყარა.
შენთან ვართ ყველა და ერთმანეთს ვავსებთ ყველანი,
ამ განშორებამ მხოლოდ ერთი წუთით გაგვყარა.
02
თავზე დაგვნათის უსაზღვრობა მაღალი ცისა
და უცნაურად ანთებული შუქურა მზისა,
ხოლო ჩვენ, მისგან მოქცეული შუქის ნათელში
ვცახცახებთ, როგორც აჩრდილები, წინაშე მისსა.
03
იცი, ვინც ქმნიდა ცასა ფერს და მწვანე მთა და ბარს,
მანვე ნაღველი მოგვაგო და გვითანდათანა,
მანვე ჩაჰყარა გულში ლალის ბაგენი,
ხოლო თვალები მთვრადა ჰყო და ქარს გაატანა.
04
რადგან არც ხვალე მოიქცევა სასოთა ჩენად,
დღეისთვის მაინც გულს მწუხარეს მიაგე ლხენა.
სვი მთვარიანში, პირმთვარეო, რადგან ჰე, მთვარე
ამოვა კვლევაც, მაგრამ ვეღარ გიხილავთ ჩვენა.
05
ვარდი და ღვინო! - ნუ გექნება სხვა საზრუნავი,
სვი, დაივიწყე სატკივარი განუკურნავი,
სანამ ვარდივით დაგფურცლავდეს, შემოგაცლიდეს
სიცოცხლის პერანგს ეგ სოფელი, მიწყივ მბრუნავი.
06
მწუხრში ფრინველთა ჩუმი კვნესა რომ შეიცნობა,
რად ჭმუნავს, იცი, მგალობელთა ხმათა მისნობა? –
ჩრდილი ედგა და ვერ შენიშნე - წითისოფლისგან
კიდევ ერთი დღე მიითვალა მარადისობამ.
07
საწუთროსაგან მოწყალების დრამას ნუ ეძებ,
თავსა და ბოლოს ვერ გაუგებ, ამას ნუ ეძებ,
ვიდრე იპოვი, უჩინარი დაგამხობს სენი,
სჯობს შეურიგდე სატკივარს და წამალს ნუ ეძებ.
08
როს სხეულთაგან სული წავა ჩემი და შენი,
აგურს მოითხოვს ის საფლავი ჩემი და შენი,
გაივლის დრო და სხვა საფლავთა აგურებისთვის
იმავ ყალიბში ფერფლი ჩავა ჩემი და შენი.
09
ქვას შევამსხვრიე გუშინ ერთი ლამაზი სურა,
ნასმურევი და ცნობა შმაგი ვიყავი სრულად.
იმ სურამ ენა ამოიდგა: რომ გამაბასრე,
ჰე, ჩემნაირად დარჩებიო შენც გაბასრულად.
10
ლოცვას რომ მორჩე, მეჩეთიდან წადი, იარე,
სარდაფში ჩადი, ქუჩა-ქუჩა ნუ იყიალებ.
ხაიამ, შესვი, თორემ მალე შენი ნეშტიდან
გამოძერწავენ მაგ ღვინისთვის თასს და ფიალებს.
11
დამისხი ღვინო - გულის ღონე და სული ძალი,
გინდაც რომ თავი დამიმძიმოს - მსუბუქი არის.
თასით ამივსე ხელისგული! საწუთრო-ხედავ?-
ულმობელია, ვით უდაბნოს სასტიკი ქარი.
12
საზრუნავს ჩვენსას აღარ უჩანს თავი და ბოლო,
გვაკლდება შვება, გვემატება ტკივილი მხოლოდ.
დიდება უფალს, არასოდეს დარდი და ურვა
არა გვქონია არავისგან ჩვენ სამათხოვრო.
13
ბედისწერასთან კაციშვილი ვერაფერს გახდა,
ვერ გაძღა მიწა, საოცნებო მისი ვერ ახდა.
თავი ნუ მოგაქვს, რომ არსებობ, სულ მალე მტერი
თავს დაგადგება შესამუსრად, დარჩები სახტად.
14
სანამდე გინდა წარბშეკრულმა იარო ასე,
არას გიშველის დადიოდე ნაღველით სავსე.
ბედს რომ მიენდო, გონივრული იქნება, რადგან
აღარაფერი გეკითხება ამ ქვეყანაზე

Комментариев нет:

Отправить комментарий